ჯანმო: „პანდემია აჩქარდა და შეტევაა საჭირო“
24/03/2020 12:14:45 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააფრთხილა მსოფლიო მოსახლეობა, რომ კორონავირუსის პანდემია „ჩქარდება”.
„67 დღე დასჭირდა პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 შემთხვევამდე ასვლას; 11 დღე დასჭირდა შემდეგ 100 000 შემთხვევას და მხოლოდ 4 დღე – მესამე 100 000 შემთხვევას. თქვენ ხედავთ, როგორ ჩქარდება ვირუსი?!” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ ვირუსისთვის „შეტევაა“ საჭირო:
„ფეხბურთის თამაშს მოიგებ მხოლოდ თავდაცვით ვერ – საჭიროა, რომ შეუტიო. ადამიანებისთვის სახლში დარჩენის თხოვნა და სხვა ფიზიკური დისტანცირების ზომები მნიშვნელოვანი გზაა ვირუსის გავრცელების შესანელებლად და ამით დროს ვიგებთ, მაგრამ ეს თავდაცვის ზომებია. იმისთვის, რომ მოვიგოთ, გვჭირდება, ვირუსს აგრესიული და მიზანმიმართული ტაქტიკით შევუტიოთ: ტესტირება ყოველი საეჭვო შემთხვევისა, იზოლაცია და ყოველი დადასტურებული შემთხვევის მოვლა, ყველა ახლო კონტაქტის მოკვლევა და კარანტინში მოთავსება“.
მისივე თქმით, ისმის საგანგაშო ცნობები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ ინფიცირებულთა შორის მედპერსონალია:
„თუ ჩვენი პრიორიტეტი არ იქნება ჯანდაცვის მუშაკების დაცვა, ბევრი ადამიანი მოკვდება იმის გამო, რომ მედპერსონალი, რომელსაც მისი გადარჩენა შეეძლო, ავადაა,“ – განაცხადა მან.


