გაერო-ს გენმდივანი "დიდი ოცეულის" ქვეყნებს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს
24/03/2020 17:51:51 მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს, ახალი კორონავირუსის გამო გააუქმონ სანქციები, რომლებიც ხელს უშლის ამა თუ იმ ქვეყანაში სურსათის, სამედიცინო დახმარებისა და პირველადი აუცილებლობის პროდუქტების მიწოდებას.
„ახლა სოლიდარობის და არა იზოლაციის დროა. კორონავირუსი მოითხოვს ისეთ პასუხს, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა. "დიდი ოცეულის" ხელმძღვანელობას განსაკუთრებული შესაძლებლობა გააჩნია, მიიღოს საპასუხო ზომების უდიდესი პაკეტი, რაც ხელს შეუწყობდა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა გაერო–ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ირანმა აშშ–ის სანქციების გაუქმებისკენ არაერთხელ მოუწოდა. ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით ამერიკული სანქციები მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში სამედიცინო მასალების შეტანას.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული. 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.


