რუსეთი აშშ–ს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს
25/03/2020 06:58:31 მსოფლიო
რუსეთი აშშ–ს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს.
„ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის ტესტები, რაც უკვე დამტკიცდა ჩინეთსა და ირანში. ცოტა ხნის წინ გავუგზავნეთ იტალიას. რიგითმა ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შეთხვევაში რუსეთი მზადაა, დაეხმაროს აშშ–ს“, – განაცხადა აშშ–ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთში კორონავირუსმა 1 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 495. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
რაც შეეხება აშშ–ს, უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსმა სახელმწიფოში 700 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 54 000.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


