COVID-19-ის პანდემია: მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი კარანტინშია
25/03/2020 10:48:58 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსზე ეჭვის გამო ამ დროისთვის მსოფლიოს ათობით სახელმწიფოში შეზღუდვების პირობებში 2,6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შეზღუდვები უპირეველესად გადაადგილებასა და სოციალურ კონტაქტებს ეხება.
24 მარტს, საღამოს შეზღუდვები იქნა შემოღებული ინდოეთის 1,3 მილიარდი მაცხოვრებლისთვის.
საფრანგეთში მედიკოსები მთავრობას 17 მარტს შემოღებული კარანტინის 6 კვირამდე გახანგრძლივებას ურჩევენ.
კუბამ სამშაბათს საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით უცხოელი ტურისტების კარანტინში მოთავსება დაიწყო.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში შემზღუდავი ზომები შემსუბუქდა და სამშაბათს ჯანმრთელ მაცხოვრებლებს პროვინციის დატოვების ნება დართეს. ეპიდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ იუხანში კი საკარანტინო ზომები 8 აპრილიდან შემსუბუქდება.
24 მარტის საღამოსთვის მსოფლიოში 417 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, კორონავირუსისგან 18 600 გარდაცვალება და 108 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი იყო აღრიცხული.
ყველაზე დიდი ადამიანური მსხვერპლი იტალიაში დაფიქსირდა - 6820 გარდაცვლილი ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებულ 69176 შემთხვევას შორის. "გარდაცვლილებს აღარ ვითვლით, ვმუშაობთ უზარმაზარი დაძაბულობისა და სტრესის პირობებში. ბევრი ჩვენი კოლეგა შინ იმყოფება იზოლაციაში, რადგან ინფიცირებულია და ჩვენ, ვინც აქ ვრჩებით, გაასმაგებული დატვირთვით გვიწევს მუშაობა", - ყვება იტალიელი მედდა “ტვიტერში”.
კონტინენტურ ჩინეთში 81171 ინფიცირებულიდან 3277 გარდაიცვალა.
ესპანეთში ამ დროისთვის თითქმის 40 ათასი ინფიცირებულიდან 2700-ია გარდაცვოილი.
ირანში 1934 გარდაცვლი ირიცხება 24811 ინფიცირებულს შორის.
საფრანგეთში 22300 ინფიცირებულიდან 1100 გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ში, სადაც ჯანმო-ს შეფასებით, ინფექციის სწრაფმა გავრცელებამ შესაძლოა, ინფექციის ყველაზე მსხვილი კერა შექმნას, თითქმის 50 000 ინფიცირებულის გამოვლენის ფონზე 600 ადამიანია გარდაცვლილი.
პენტაგონი თვლის, რომ აშშ-ში ეპიდემია სულ მცირე, რამდენიმე თვე გაგრძელდება, ხოლო ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნება მხოლოდ ივნის-ივლისისთვის იქნება შესაძლებელი.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველი სამი დღის განმავლობაში ორმაგდება. ასეთია ჯანმო-ს და სააგენტო AFP-ის მონაცემები 24 მარტის საღამოსთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააჟღერა გაფრთხილება, რომ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები ხანგრძლივი მოქმედების შემთხვევაში ქვეყანას იმაზე დიდ ზარალს მოუტანს, ვიდრე მასშტაბური რეცესია და ეკონომიკური ვარდნა. ტრამპის ოპონენტები კი დაჟინებით აცხადებენ, რომ დაკარგული სიცოცხლეების ფასი ეკონომიკურ დანაკარგებზე ბევრად მაღალია.
აშშ-ის კონგრესისა და სენატის მიერ “ეკონომიკის გადარჩენის” 2 ტრლნ დოლარის მოცულობის პაკეტის მიღების პოზიტიური მოლოდინების საპასუხოდ სამშაბათს მსოფლიოს სავაჭრო პლატფორმებმა მდგრადი ზრდა აჩვენეს, - იუწყება “Reuters”.
სამშაბათს, შუაღამისთვის ეკონომიკის მხარდასაჭერად საჭირო საგანგებო ზომების შესახებ კანონპროექტი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც დეტალურად დისკუტირებდნენ ხარჯების ძირითადი მუხლების ირგვლივ. არგუმენტებს შორის მთავარი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველები აქცენტს მსხვილი კორპორაციების დახმარებაზე აკეთებენ, მეორენი – მცირე და საშუალო საწარმოების, ასევე იმ ოჯახების მხარდაჭერაზე, რომლებიც სამსახურის დაკარგვის გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
საფრანგეთი, რუსეთი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ევროპა ჩამოაყალიბებს ღარიბი ქვეყნების, განსაკუთრებით აფრიკის ფინანსური დახმარების პაკეტს, რათა მათ ტერიტორიებზე კორონავირუსის ახალი კერების გაჩენის პრევენცია იქნას უზრუნველყოფილი.
რუსეთი აცხადებს, რომ მომავალ ხუთშაბათს მონაწილეობას მიიღებს კორონავირუსის პანდემიაზე გლობალური რეაგირების განხილვაში, რომელიც ყველაზე განვითარებული ეკონომიკების მქონე 20 სახელმწიფოს ჯგუფის (G20) სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი.
სამშაბათს, 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ზაფხულის თამაშები, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარდეს, 2021 წლისთვის გადაიდო პანდემიის გამო, რომელსაც ამ დროისთვის 200-მდე სახელმწიფო აქვს მოცული.


