რუსეთი უცხოეთის ქვეყნებთან ავიამომისვლას სრულად წყვეტს
26/03/2020 07:35:04 მსოფლიო
რუსეთის მთავრობა 27 მარტიდან უცხოეთის ქვეყნებში რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს კრძალავს. შესაბამისი განკარგულება როსავიაციას ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-თან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგად მიეცა.
გამონაკლისი მხოლოდ იმ რეისებისთვის დაიშვება, რომლებიც უცხოეთიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად განხორციელდება, ასევე ფრენებისთვის «მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებების საფუძველზე».
გარდა ამისა, იმ ქვეყნებიდან ჩამოსული ყველა მგზავრი, სადაც კორონავირუსული ინფექციაა გამოვლენილი, ტესტირებას პირდაპირ აეროპორტში გაივლიან. უცხოეთიდან დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ფონზე რუსეთის ხელისუფლება თანმიმდევრულად კეტავდა საზღვრებს და ზღუდავდა ავიამომისვლას სხვა ქვეყნებთან. ბოლო მომენტამდე მსოფლიოს რიგი სახელმწიფოების დედაქალაქებთან ავიამომისვლა ჯერ კიდევ წარმოებდა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქეყნა ავიარეისების სია 20-ზე მეტი ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად. რეისები მარტის ბოლომდე-აპრილის დასაწყისამდე უნდა განხორციელებულიყო. რუსეთში დაბრუნებულთათვის 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინია გათვალისწინებული. რუსეთში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 650-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. დაავადებამ ქვეყნის 55 რეგიონი მოიცვა. გარდაცვლილია, ოფიციალური ინფორმაციით, 2 მოქალაქე.


