Euronews: "რუმინეთში მღვდლები მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება"
26/03/2020 07:45:05 მსოფლიო
"რუმინეთში მღვდლები მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება", – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Euronews.
"კვირას რუმინული საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა კადრები, სადაც მართლმადიდებელი მღვდელთმსახურები ქალაქ კლუჟში გრძელ რიგში მდგომ მრევლს საერთო კოვზით აზიარებდნენ.
ფაქტი მას მერე დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ ახალი გამკაცრებული წესები შემოიღო კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. შესაბამისად, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონობით ადამიანი მთელ ქვეყანაში შინ დარჩა, რათა ვირუსისგან თავი შორს დაეჭირა, რელიგიის მსახურთა ქმედებას კი შეეძლო საპირისპირო შედეგი გამოეღო.
„უამრავი მღვდელი ჯერაც ვერ მიხვდა, რა ხდება ჩვენს თავს. იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთის პატრიარქისგან სხვაგვარი ბრძანება არ გააჩნდათ, ისინი ტრადიციულად მოქმედებდნენ. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას ვითარებაზე. შანსი, რომ ასი ადამიანიდან ვიღაც ყოფილიყო დაინფიცირებული, საკმაოდ მაღალია,“ - განაცხადა რუმინეთის მედიკოსთა ალიანსის ხელმძღვანელმა ბოგდან ტანასემ.
რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჯერ კიდევ 28 თებერვალს „განსაკუთრებული ზომების“ მიღების შესახებ გამოაცხადა. რელიგიური რიტუალების მონაწილეებს უფლება მიეცათ, ეთხოვათ მოძღვრებისთვის, ზიარება საკუთარი კოვზებით მიეღოთ, მაგრამ ეს იყო რიტუალის აუცილებელი პირობა.
მღვდელთმსახურების ქმედებები ხშირად უსვამს ხაზს, რომ ისინი შეუსაბამოდ მოქმედებენ არსებულ გარემოში. რუმინეთში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, სიტუაცია იცვლება, ქვეყნების ხელისუფლებები სულ უფრო მკაცრი ღონისძიებების შესახებ აცხადებენ.
ზემოთხსენებული კადრების გავრცელების შემდეგ, რუმინეთის ეკლესიის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ. საეკლესიო მსახურებები გაგრძელდება, მაგრამ საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. მორწმუნეებს ყველაფრისთვის თვალის დევნება ტელევიზიებით ანდა ინტერნეტით შეეძლებათ.
სამშაბათს, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ქვეყნის სრული იზოლაციის შესახებ გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში მეორე დღეს შევიდა. მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებიც დაეხმარება. ადამიანებს მიეცემათ სახლების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურებში წასასვლელად ანდა საკვების შესაძენად, 65 წლის ზემოთ მოქალაქეები კი, პრეზიდენტის განცხადებით, მუდმივად სახლებში უნდა დარჩნენ.
უმკაცრესი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას მერე მიიღო, რაც რუმინეთში მერვე ადამიანი გარდაიცვალა; სულ ქვეყანაში 762 დადასტურებული შემთხვევაა; უკანასკნელი მონაცემებით 5 500-ზე მეტი ადამიანი სპეციალურ კარანტინშია გადაყვანილი, დამატებით 83 970 კი შინ იმყოფება იზოლაციაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
რუმინეთის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ისიც, რომ ჯანდაცვის სისტემის 103 წარმომადგენელი დაავადდა ვირუსით. სამშაბათს, რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფო დეზინფექციისთვის დაიხურა რაკი იქ მომუშავე 52 ექიმს და უმცროს სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა ვირუსის დიაგნოზი", – ნათქვამია სტატაიში.


