„ღარიბაშვილმა და წულუკიანმა დღეს ძალიან კარგი საქმე გაგვიკეთეს"
04/10/2021 12:26:53 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარე სავარაუდოდ, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 4 ივლისის განცხადებების საქმის ფარგლებში გამოყენებას გეგმავს.
„ღარიბაშვილმა და წულუკიანმა დღეს ძალიან კარგი საქმე გაგვიკეთეს: თქვეს, რომ მიშა პოლიტიკური პატიმარია“,– განაცხადა რუსთავის #12 საპატიმროსთან მისულმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ამ შემთხვევაში სააკაშვილის დაცვის მხარეს წარმოადგენს და დასძინა, „ყველაფერი მიდის ძალიან კარგად“.
მას მხედველობაში ჰქონდა ღარიბაშვილის ორი ხმაურიანი ფრაზა, რომელიც მან „იმედისთვის" მიხემულ ინტერვიუში გააჟღერა. კერძოდ, თქვა, რომ თუ სააკაშვილი ჭკვიანად არ იქნება, „ბრალს დავუმატებთ“ და რომ სააკაშვილი ან „პოლიტიკიდან უნდა წასულიყო, ან დაგვეჭირა“.
ამ დროისთვის რუსთავში, #12 საპატიმროსთან სააკაშვილის მხარდამერი აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოშია და ვიდეოებიც გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.


