ღარიბაშვილი: „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან პოლიტიკიდან წასულიყო“
03/10/2021 18:29:23 პოლიტიკა
„წესიერად მოიქცეს, თორემ მუხლებს დავუმატებთ", – ასე ეხმიანება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილს ციხიდან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას მიმართავს, რომ მეორე ტურისთვის ყველა ჯანსაღი ძალა უნდა გაერთიანდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხსენებულ ინტერვიუში სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობაც შეაფასა:
„დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს. ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო Youtub-არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში. ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება".
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს საქართვეოში და მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს შეწყალების თემისთვის „წერტილის დასმისთვის“.
რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მარშრუტს, მისი თქმით, საზოგადოებას ახლო მომავალში შეიტყობს საგამოძიებო უწყებებიდან.
როგორც პრემიერი ამტკიცებს, არავითარი შეკითხვა მართლმსაჯულება წინაშე სააკაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.


