სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
26/10/2021 20:20:58 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.
"ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა, რომ "დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი განუცხადეს":
"არგუმენტები არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, წარმოედგინათ წერილობითი არგუმენტი, რატომ არ მიშვებდნენ. ტესტის პასუხი და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი მქონდა. მე ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი - ვუთხარი, სად ვიცხოვრებდი, რას გავაკეთებდი. აბსოლუტურად უარგუმენტოდ არ შემომიშვეს. ვუთხარი, ვისთან მოვდიოდი, მოგვიანებით დოკუმენტიც ვაჩვენე, ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიმუშავებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მესაზღვრეებმა ჩემი პასპორტი ეკიპაჟის კაპიტანს მისცეს და ახლა პასპორტიც არ მაქვს".
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ცნობით, გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატია და მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა, დღეს დილით უკრაინაში დააბრუნეს.
"აქცენტი" შსს-ს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


