უკრაინის ომბუდსმენი– სააკაშვილზე: "აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა"
27/10/2021 06:25:23 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა შევიდა.
"დღეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა, რადგან უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს მის პირად ექიმს დაველაპარაკო. მედიკოსები ანალიზებს ყოველდღიურად აკეთებენ და ამ ანალიზების შედეგები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა", – განაცხადა დენისოვამ.
ამასთან, მან კომენტარი უკრანელი ადვოკატის საქართველოში არ შემოშვებაზეც გააკეთა:
"ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი, უკრაინელი ადვოკატი ჩამოფრინა, რომელიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ის უკან გააბრუნეს, ამ საკითხზე შესაბამის ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს უნდა შევხვდე და გავიგო, პირადად მას რა სურს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ".
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


