უკრაინის ომბუდსმენი: "სააკაშვილთან მიმართებით სახეზეა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა"
27/10/2021 11:01:50 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ მასთან მიმართებით სახეზეა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა.
მისი თქმით, სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევა, როგორც სამედიცინო მომსახურებაზე, ისე საპროცედურო უფლებაზე.
"რაც შეეხება სააკაშვილის საპროცედურო უფლებების დარღვევას, თქვენ იცით, რომ არის ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და ძალაში შესულია და ახლა სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმეებზე იხდის სასჯელს. არის, ასევე, ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე საჯარო განხილვები იყოს სასამართლოში და ასევე, ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. შესაბამისად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია", – განუცხადა დენისოვამ ჟურნალისტებს.
იგი მიიჩნევს, რომ ასევე დარღვეულია უფლება გონივრული ვადების შესახებ:
"რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები".
იძულებით კვებაზე საუბრისას, დენისოვა აცხადებს, რომ არსებობს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ციხის საავადმყოფოს შეუძლია, პატიმრის იძულებითი კვება დაუშვას. ასეთ შემთხვევაში იკრიბება ექსპერტთა ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებენ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა, მისი თქმით, ასევე არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "ნივერჟინსკი უკრაინის წინააღმდეგ", რომლის თანახმად იძულებითი კვება არის კონვენციის მესამე მუხლის [წამება; არაადამიანური მოპყრობა] დარღვევა. სააკაშვილი კი ღიად აცხადებს, რომ წინააღმდეგია იძულებითი კვების.
„მე შემიძლია იმ ფაქტის კონსტატირება, რომ სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევა, როგორც სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე საპროცედურო უფლებაზე და რელიგიისა და რწმენის უფლების დარღვევა, რადგან მასთან შეჰყავთ ის მოძღვრები, რომელიც მათ სურთ და არა ისინი, რომლებთანაც შეხვედრა თავად მიხეილს უნდა. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, ჩვენ ამას მივიტანთ ევროპის ელჩებამდე. მე დავწერ ჩემს გადაწყვეტილებას ევროპული პარლამენტში იმაზე, რა დავინახე და რა დასკვნებიც გამოვიტანე", – დასძინა უკრაინის სახალხო დამცველმა.


