"მიხეილ სააკაშვილს წაართვეს დაცვის უფლება"
27/10/2021 11:39:29 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილთან კომუნიკაცია სრულად გააკონტროლოს:
"წარმოუდგენელი რამ ხდება, ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. მოგეხსენებათ მისი და ჩვენი შეხვედრის უნარი ბუნებრივია აღჭურვილია კამერებით და ცხადია ხორციელდება აგრეთვე აუდიო ჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ჩვენ შორის ბარიერი ბოლომდე ამოვსებული, დღეს როცა შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი. ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე რომ ჩვენ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია იყოს გაკონტროლებული ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


