საქართველოში სააკაშვილის თანამოაზრე ყაზახი ბიზნესმენიც არ შემოუშვეს
28/10/2021 09:54:55 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ყაზახი ბიზნესმენიც არ შემოუშვეს. ამის შესახებ მარგულან სეისემბაი ტელეგრამ-არხზე წერს.
"თბილისში გორდონის აკადემიის ფორუმზე გამოსასვლელად ჩავედი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ საშიშ ელემენტად მიმიჩნია და ქვეყანაში არ შემიშვა. როგორც ჩანს, შეეშინდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რაღაცას გავაკეთებდი. რატომაა ხელისუფლება ასეთი შეშინებული? როგორც ჩანს, არის მიზეზი. ალბათ, გრძნობენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის“, - წერს ყაზახი ბიზნესმენი.
მისი თქმით, აეროპორტში დაყოვნების მიზეზად ხან სისტემის გაუმართაობა დაუსახელეს და ხანაც კოვიდ–ანკეტის შემოწმება, საბოლოოდ კი, მისი ცოლი და შვილი შეუშვეს, თავად კი, მიზეზის აუხსნელად წაიყვანეს და თვითმფრინავში ჩასვეს.
27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, მისი მეუღლე და ჟურნალისტი ალისია ბაცმანი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ. ამასთან, ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები შეუქმნეს უკრაინის სახალხო დამცველსაც. მანამდე კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინელი იურისტიც გაადეპორტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დროდე არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს ხსენებული პირები საქართველოში.


