Accentnews.ge
"ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე"

"ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე"

16/11/2021 06:53:45 პოლიტიკა, სამართალი

ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

"ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფომაციას და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად ვინ მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს უშუალოდ მკურნალობენ და აქვთ ყველაზე მეტი ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე.

რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს იღებს პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და გლდანის მე-18 დაწესებულებაში ერთიც და მეორეც "უმაღლეს დონეზეა დაცული".

მისი თქმმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ.

იუსტიციის მინისტრმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკაონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული აქციები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S