პენიტენციური სამსახური: "სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია"
16/11/2021 11:45:34 პოლიტიკა, სამართალი
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც უწყების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ჩიდრაშვილმა აღიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და მას ინტენსიურად უტარდება სხვადასხვა კვლევები.
"პაციენტი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიცაა: არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ჩიდრაშვილმა.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.


