ომბუდსმენმა ევროსასამართლოს მიმართა, ოფიციალურად ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში
17/11/2021 20:11:45 სამართალი
ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
სახალხო დამცველის თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა მათი აპარატი ECHR-ს მსგავსი თხოვნით მიმართავს.
"თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის". - ამბობს ნინო ლომჯარია.
ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი, შუალედური ზომები მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება.
სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი, შუალედური ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.


