Accentnews.ge
ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფი: "ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის მკურნალობის #18 დაწესებულებაში გაგრძელება"

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფი: "ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის მკურნალობის #18 დაწესებულებაში გაგრძელება"

17/11/2021 19:01:31 პოლიტიკა

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის ზედამხედველობისთვის შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"მას აქვს ენცეპალოპათიის ნიშნები, აქვს რეზისტენტული ჰიპოკალიემია, ანუ კალიუმის ნაკლებობა, აქვს დაბალი ჰემოგლობინი, რაც თალასემიასთან კომბინაციაში ქმნის საფრთხეს. ასევე, თავად აღნიშნავს გასტროიდიოდენალურ სისხლდენას. ყველაფერი ეს ჯდება კრიტიკული მდგომარეობის სტატუსში",- აღნიშნა კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ ჯგუფის საერთო მოსაზრების წარდგენისას.

მანამდე მათ ექსპრეზიდენტი მოინახილეს და გლდანის ციხის ექიმებსაც ესაუბდნენ, ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურას.

ჯგუფის წევრების შეფასებით,ციხის საავადმყოფო ცუდად არაა აღჭურვილი, ორი კვირის წინ გაიხსნა რეანიმაციული ოთახი, გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მაგრამ დაწესებულება არაა მზად იმისთვის, რომ „კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს სათანადო მკურნალობა გაუწიოს რამდენიმე მიზეზის გამო:

სულ გადმოყვანილია 5 ექიმი - 1 დღის და 4 ღამის. მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი და იმედია, არც იქნება. მაგრამ ის არის პაციენტი, რადგან მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება. ინტენსიური თერაპია გულისხმობს სითხეების მიღებას, ვიტამინების და მინერალების მიღებას, გადასხმებს, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას. ეს ყველაფერი არ კეთდება გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მე არ ვიცი, იქ რა ტაქტიკაა, მაგრამ სააკაშვილი არის თავის ოთახში და გვერდით ოთახში არის გამზადებული რეანიმაციული ბრიგადა".- ამბობს გიორგი გრიგოლია.

მისი განმარტებით, შიმშილის შედეგად ზიანდება არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანო, არამედ ორგანოთა სისტემები და როცა ორგანიზმის რესურსი იწურება, ერთბაშად იწყება სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, ამიტომ ამ სტადიაში ადამიანის მკურნალობა არის მძიმე და "ბევრ შემთხვევაში შესაძლოა, ეს ლეტალურად დასრულდეს".

"ინტენსიურ თერაპიას ვერ აწარმოებს მარტო რეანიმატოლოგი ან ანესთეზიოლოგი ან თერაპევტი. ასეთ დროს საჭიროა მულტი პროფილის სპეციალისტები: შინაგან სნეულებათა სპეციალისტები, ნეფროლოგები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები. ამ კლინიკას ასეთი ექიმები არ ყავს. შეიძლება მათი გამოძახება, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ისინი ადგილზე არ არიან". - ამბობს ექიმი.

კიდევ ერთი მიზეზი მედპერსონალთან კომუნიკაციას უკავშირდება:

„ველაპარაკეთ პერსონალს, სიცოცხლისთვის საშიში პროცესები რომ დაიწყოს, რას აკეთებენ? გვითხრეს, რომ პაციენტი იქნება ტრანსპორტირებული შესაბამის დაწესებულებაში. ამან კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა, დაისვას საკითხი ამდაგვარად: თუ ასეთი სერიოზული გართულებების დროს შესაძლებელია ადამიანის ტრანსპორტირება მულტიპროფილურ დაწესებულებაში, რატომ არ შეიძლება, გადავიდეს, როდესაც ის იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და სჭირდება მულტიპროფილური თერაპია? აქედან გამომდინარე, ჩვენ დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის მკურნალობის ამ დაწესებულებაში გაგრძელება, თუ გვითვალისწინებთ იმასაც, რომ ის სუბიექტურად გრძნობს თავს, უკეთ გრძნობდა თავს პირველ დაწესებულებაში. განგვიცხადა, რომ, თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, შეწყვეტს შიმშილს“.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრის თენგიზ წულაძის შეფასებით, სააკაშვილი ამჟამად არ უნდა იწვეს ცალკე პალატაში, ის უნდა იყოს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

„რისკები მაღალია და მედიცინაში ეს მნიშვნელოვანია“.

ამასთან, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ არ შეუსწავლია ექიმთა ჯგუფს, შეძლებს თუ არა დაწესებულება, მართოს პაციენტის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ის შეწყვეტს შიმშილობას.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მიზეზი გახლდათ თავად სააკაშვილის პოზიცია, რომ არ განიხილავს შიმშილობის შეწყვეტას ხსენებულ დაწესებულებში.

„სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა მოკვდეს, ვიდრე გააგრძელოს ამ დაწესებულებში მკურნალობა. რა უფლება ჰქონდათ ექიმებს, შეესწავლათ საკითხი, რომელზეც თავად პაციენტი აცხადებს უარს“,– დასძინა ომბუდსმენმა.

დასკვნის საჯარო ნაწილის სრული ვერსია

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ:

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის #157 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

2021 წლის 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ #18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა 2021 წლის 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები. განხილვის პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

პაციენტის მდგომარეობის შეფასება

მიმდინარე სტატუსი – კრიტიკული

რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები:

1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია

3. პერსისტენტული ჰიპოკალემია – 08.11.2021 იდან

4. ანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა

5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა

6. მაღალი სტრესული გარემო

მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში

1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით

2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა

3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა

4. ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია

5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)

6. გულის უკმარისობა

7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი

აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი

3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება

4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა

პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი:

1. ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ.

2. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია.

(იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა.)

3. სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება.

მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი. მაგალითად:

– ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო.

– შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა.

– ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა – კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.

4. დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება.

5. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.

6. პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას.

დასკვნა

პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; აიდა გოზალოვა​; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი და მამუკა მაჩაიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S