მერის წარმომადგენელმა მამას საგურამოში 500 000 ლარის ღირებულების მიწა თაღლითურად გაუფორმა — პროკურატურა
21/10/2022 09:49:26 სამართალი
შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მცხეთის მერის ყოფილი წარმომადგენელს და მის მამას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, მცხეთის მერის ყოფილმა წარმომადგენელმა 2020 წელს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი შეადგინა, რის შედეგადაც მისი მამა 500 000 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას საგურამოში თაღლითურად დაეუფლა:
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მერის წარმომადგენელმა, რომელიც საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019-2021 წლებში მუშაობდა, 2020 წელს შეადგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მამამისზე გაცემული იყო საგურამოში მდებარე 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, მცხეთის მერის წარმომადგენლის მამა 500 000 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამა-შვილს ბრალი წარუდგინეს სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაული აღიარა.
პროკურატურის ცნობით, მცხეთის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) და სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის მამას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.
პროკურატურა განმარტავს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 83 პირი, მათ შორის, 6 საჯარო მოხელე. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფოს 5 033 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.


