ილია დარჩიაშვილი: დეკლარაციაში ცალსახად გაწერილია, რომ საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს
20/10/2023 09:47:01 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
მინისტრის თქმით, ეს ქვეყნების „ურყევი და თანმიმდევრული პოზიციაა და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის უმაღლეს დონეზე, და გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროსაც“.
"ჩინეთთან ურთიერთობების მიმართულებით დეკლარაციაში ცალსახად გაწერილია, ჩვენ რა გვინდა, როგორ გვინდა, რომ ამ ქვეყანასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დავაახლოოთ. პარალელურად საქართველო მყარად დგას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იმპლემენტაციის მიმართულებით. საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ეფექტიანად დავაკავშიროთ აღმოსავლეთი და დასავლეთი. ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანამ შეასრულოს და რატომ ხედავთ პრობლემებს ჩინეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის დაახლოებით, ჩემთვის გაუგებარია. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება - გვაქვს უკვე შედეგები და შეგიძლიათ, ნახოთ ციფრები. მეორეს მხრივ, საუბრობდით ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ბოდიში, მაგრამ ვერ მივიღებთ შენიშვნებს. ჩვენი უწყება მუშაობს ძალიან აქტიურად ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ანგარიშებსა და სხვადასხვა რეზოლუციაზე რომ არ ვისაუბროთ, შეგიძლიათ ნახოთ გაეროს წლევანდელი რეზოლუცია, დაითვალოთ რამდენი ქვეყნის მობილიზება მოხდა და მექანიზმებს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ვიყენებთ. ვერანაირად ვერ მივიღებთ შენიშვნებს, რომ ჩვენ რამე დავაკელით. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, დეკლარაციაში ცალსახად წერია, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე, რომელიც არის წარმოდგენილი და გაცხადებული და რომელიც მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
- საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას. შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.
დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დარჩიაშვილის თქმით, „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ეს „გარკვეულწილად პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით“.
„ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და, კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობების ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. [...] ერთი რამ არის ცხადი: ჩინეთის ხელისუფლებას არასოდეს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერინიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრი დარჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას“.


