Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გულისხმობს საგარეო კურსის ცვლილებას

ილია დარჩიაშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გულისხმობს საგარეო კურსის ცვლილებას

20/10/2023 09:24:45 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას“. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და არანაირიად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს“.

იგი განმარტავს, რომ 2023 წლის ივლისში ჩინეთში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის „დეკლარაციული ხასიათის“.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვაზე, რატომ არ შეუთანხმა მთავრობამ პარლამენტს ჩინეთთან შეთანხმება, მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

"საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში (54-ე და 55-ე მუხლები).

ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარი შეთანხმების ვალდებულებას".

კითხვაზე, საჭირო იქნება თუ არა ამ შეთანხმების პარლამენტის რატიფიცირება, დარჩიაშვილი ამბობს, რომ „ის დოკუმენტები, რაც საჭიროებს პარლამენტის რატიფიცირებას, შემოდის პარლამენტში“, რითაც მიანიშნებს, რომ ეს საჭიროება არ დგას.

დარჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (14+1 ფორმატში) საქართველოს დამკვირვებელ წევრად ჩართვა „ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ“.

„ფორმატში [დამკვირვებელ წევრად] ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველო მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან, დაადასტურებს რომ ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

ცნობისთვის: პარლამენტი დეპუტატ თეონა აქუბარდიასა და 8 პარლამენტარის მოწვევის საფუძველზე 20 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე.

საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ზაფხულში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა ნახსენები „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“. დოკუმენტის თანახმად:

"საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად";

„ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს, ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში“.

პლატფორმას, რომელაც თავდაპირველად 17+1 ფორმატის სახელით იცნობდნენ, 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2021-22 წლებში იგი ლიეტუვამ, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმა დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S