ალეკო ელისაშვილი: ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამ ამ ამბავს არ მოვეშვები, ამოარტყან ბერაიას „პანჩური“ და გააგდონ!
02/11/2023 09:11:06 პოლიტიკა
"არ მოვეშვები მანამ, ვიდრე უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს", - ამის შესახებ " მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს.
"მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამ, ვიდრე ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონია? მის ოჯახის წევრ ქალს ასე რომ უთხრან, სწორია? "ქართული ოცნების" წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, სანამ ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ", - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის: პარლამენტის პლენარული სხდომა ორი დღეა, ხმაურით იწყება. დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ ორი დღის წინ გააკეთა. ელისაშვილმა გუშინაც და დღესაც ბერაიას თანამდებობს დატოვებისკენ მოუწოდა, ორივე ჯერზე იგი სასესიო დარბაზიდან გამოაძევეს.


