სოხუმი და ცხინვალი ფაშინიანს უპირისპირდებიან

27-11-2023 12:40:44 პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ეროვნებით სომეხ დეპუტატთა ჯგუფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერის საპასუხოდ ერთობლივი საპროტესტო განცხადება გაავრცელა.

მასში, კერძოდ, ნათქვამია:

"ჩემს საჯრო გამოსვლებში რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობას" - განაცხადა ამ დღეებში სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა. არცახში [არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - რედ.] დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როცა სომხეთის მოქმედმა ხელმძღვანელობამ იძულებული გახადა 120 ათასი თავისი მოქალაქე, საკუთარი სახლები და ტერიტორია დაეტოვებინა, ფაშინიანის გამოსვლა შეიძლებოდა, კომენტარის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ მეტისმეტად ცინიკურად გაიჟღერა მისმა თეზისმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე. ეს ცინიკური იყო არაიმიტომ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფო აფხაზეთს სუვერენულ საქართველოსთან არავითარი კავშირი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ სულ ორიოდე წლის წინ ერევანი საქვეყნოდ აცხადებდა, "არცახი სომხეთია და ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არანაირ პრეტენზიებს არ დავუშვებთო". სამწუხაროდ, მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ სომხეთის მოქმედი ხელისუფლება კონიუნქტურად ექვემდებარება და ადვილად იცვლის პოზიციას, მათ შორის - მთელი სომხობისთვის ისეთ სენსიტიურ საკითხში, როგორიცაა არცახის სახელმწიფოს არსებობა. მსოფლიოს პოლიტიკური რუქიდან მისი გაქრობა სწორედ ოფიციალური ერევნის "დამსახურებაა". შეგახსენებთ, რომ ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბეიბსათვის ათობით ათასმა სომეხმა გაწირა სიცოცხლე. ახლა ფაშინიანი აკეთებს განცხადებას, რომელიც სხვა ვერანაირად შეფასდება, თუ არა დემარშად ჩვენი სამშობლოს - აფხაზეთის წინაღმდეგ. გვსურს, შევახსენოთ ნიკოლ ფაშინიანს, რომ აფხაზეთში სადღეისოდ თითქმის 42 ათასი სომეხი ცხოვრობს. აქ ჩვენთვის შექმნილია ყველა პირობა მშობლიურ ენაზე სასწავლებლად, ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ სიამაყით ვუწოდებთ აფხაზეთს სამშობლოს. სსომხეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სუვერენულ აფხაზეთს მასთან არაფერი აკავშირებს. უკვე 30 წელია, ჩვენი მრავალეროვანი ხალხი აშენებს საკუთარ სახელმწიფოს და ფაშინიანისგან განსხვავებით, აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ ხალხის არჩევანს და ერთი ხელის მოსმით გააუქმებდნენ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლზე იდგა".

24 ნოემბერს, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში იმ კითხვის საპასუხოდ, "მზადაა თუ არა სომხეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს?", ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ "სომხეთი სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

25 ნოემბერს ფაშინიანის ეს განცხადება გააპროტესტა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა, რომლის შეფასებით, "ოს ხალხს არ აინტერესებს იმ ადამიანის პოზიცია, რომელმაც საკუთარ ხალხს უღალატა, სამხრეთ ოსეთი კი აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ყველას მოუწევს, ამას ანგარიში გაუწის".

25 ნოემბერსვე ფაშინიანის განცხადება დაგმო საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის დე ფაქტო ლოდერმა ასლან ბჟანიამაც.

"სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული, ავრცელებს განცხადებას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის არჩეულ გზას – დამოუკიდებელ ქვეყნად განვითარებას ეწინააღმდეგება. ბოლო განცხადებებში, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპირობოდ მხარი დაუჭირა "საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობას", რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

საჭიროდ მივიჩნევთ, ფაშინიანს შევახსენოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს სომეხ ხალხს, რომელთაგან ზოგიერთმა წარსულში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისგან ხსნა აფხაზეთში იპოვა. დღეს სომხური საზოგადოება აფხაზეთში წარმოდგენილია როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში, სომხურ ენასა და კულტურას მხარს უჭერს სახელმწიფო, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტრუქტურები კი თავისუფლად ფუნქციონირებენ". - წერია ბჟანიას განცხადებაში.

ამასთან, დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, რომ "სომხებს აფხაზეთში აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოს ჩამოშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გაძევების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ".

გარდა ამისა, ბჟანია ამტკიცებს, რომ "არც სომხეთი და არც მისი პრემიერის მიერ მხარდაჭერილი საქართველო შეესაბამებიან ფაშინიანის განცხადებაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები