27-11-2023 14:03:17 საზოგადოება
გლდანის დიდი ტბის (იგივე „თეთრი ტბის“) გარშემო განვითარებული მოვლენები მოქალაქეებისთვის მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. შეგახსენებთ, რომ ტბა ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობაშია, ხდება მისი სწრაფი შრობა-დაჭაობება და წყლის ლპობა, რამაც გლდანის მაცხოვრებლებს სამედიცინო რისკებიც მოგვიტანა.
მოსახლეობის კოლექტიური განცხადების პასუხად გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და მოამზადა დასკვნა, რომელშიც დადასტურებულია ტბის პარამეტრებში სამედიცინო თვალსაზრისით შემაშფოთებელი ცვლილებები. აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ ივლისში გადაეგზავნა ქალაქის მერიას. სულ ახლახანს კი გამოცხადდა ტენდერის შედეგები, რომლის თანახმად, ტბის შრობის მიზეზების, ჰიდროლოგიური და სხვა პარამეტრების კვლევას GAMMA CONSULTING-ი ჩაატარებს.
შეგვიძლია თუ არა, შვებით ამოვისუნთქოთ და ვთქვათ, რომ მოქალაქეებმა მიზანს მიაღწიეს? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ რეალური შედეგით დავინახავთ. ტბის გადარჩენა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება მაქვს მხედველობაში. ჯერ-ჯერობით კი ეკოკატასტროფა გრძელდება.
როგორ გადაიქცა ტბა „ყანად“
ყველაფერი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. 1997 წლის 29 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის გამგეობის №201 გადაწყვეტილებით, ტბიანი ნაკვეთი იჯარით გაიცა. საინტერესოა, რომ საიჯარო დოკუმენტაციაში ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო ობიექტადაა მოხსენიებული.
2006 წელს სოფელ გლდანის თემის საკრებულო ტბის წარმომავლობით დაინტერესდა. დეპუტატებმა ი. ელგენდარაშვილმა და ნ. ყირიმელმა სხდომას მოახსენეს, გლდანის ტბა სინამდვილეში სახნავ მიწაზე შექმნილი ტბორია, რომლის ადგილზე რამდენიმე საფეხბურთო მოედანი ყოფილაო (26.04 2006, №2).
სხდომის ამონაწერში არ ფიგურირებენ არც ჰიდროლოგები, არც ლიმნოლოგები (ტბათმცოდნეობა - ავტ.), არც ჰიდროგეოლოგები და არც კარტოგრაფები. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რამდენად უფლებამოსილი იყო გლდანის საკრებულო, ტბის წარმომავლობა სპეციალისტთა დაუკითხავად განესაზღვრა?
ცნობისთვის: ტბორი ან ტბორე ხელოვნური წყალსატევია, რომელიც განკუთვნილია წყალმომარაგებისათვის, სარწყავად, თევზის გამრავლებისთვის, ფრინველებისათვის, სანიტარული და სპორტული მოთხოვნილებებისათვის.
ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მცხეთის რაიონის გამგეობამაც ბუნებრივი ტბა მიიჩნია ტბორედ, ხოლო მიწა, რომელზეც ის მდებარეობს - სახნავად და თხოვნით მიმართა მცხეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურს, ეს ცნობად და სახელმძღვანელოდ მიეღო (25.05.2006, №196).
ასე გადაიქცა სულ რაღაც ორ თვეში ტბა ტბორედ, ხოლო მისი ფსკერი და მიმდებარე წყალდაცვითი ზოლი (ნაპირი) - პოტენციურ ყანად თუ ბოსტნად.
საბედისწერო შედეგებმა არ დააყოვნა. იმავე წლის ივლისში „სახნავი“ ტერიტორია 10920 ლარად გადაეცა მოქალაქე გია აბუაშვილს.
უძრავი ქონების შეძენის ოქმიდან (26.07.2006. №188) ვიგებთ, რომ აბუაშვილი ამ ნაკვეთის მოიჯარე უკვე 2004 წლის 14 დეკემბერში გახლდათ. ეს აჩენს ეჭვს, რომ ტბის ასე ოპერატიულად „გასახნავმიწება“ სწორედ მის ინტერესებს ემსახურებოდა. ამასთან, ოქმში ნაკვეთზე ტბის, ან თუნდაც ტბორის არსებობა არც არის ნახსენები.
2008 წლის 27 მარტს „სახნავ-სათესმა“ ნაკვეთმა პატრონი შეიცვალა; მოქალაქე გია აბუაშვილმა 5960 ლარად მიჰყიდა მოქალაქე ნატალია კვანტალიანს (თანხის აბსურდულობა კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდებით). ტბა დოკუმენტში ისევ არაა ნახსენები.
იურიდიული თვალსაზრისით, ტბა თითქმის გაუჩინარდა: რუკებზე ისევ ტბის სტატუსით ფიგურირებს, ხოლო გაყიდვის ოქმში საერთოდ არ არის ნახსენები. მივიღეთ იურიდიული დომხალი, რომლის ანალოგი ცივილიზებულ ქვეყნებში ალბათ, არც არსებობს.
ვისია, ვისია „ტბორი“ ლამაზი?
უკანასკნელ სამ-ოთხ წელიწადში ტბის კლების პროცესმა კატასტროფული სახე მიიღო და ერთ დროს ულამაზესი ბუნებრივი წყალსაცავის ნაცვლად აშმორებული ჭაობი შემოგვრჩა.
ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რატომ არ დაინტერესდა სახელმწიფო უდიდესი სარეკრეაციო პოტენციალის მქონე ტბის ასეთი გავერანებით?
პასუხი მკითხველს გააოგნებს: იმის დადგენაც კი გაუჭირდათ, ვის ევალებოდა ტბის პატრონობა!
2022 წლის ზაფხულში ტბის პრობლემაზე სტატიის მომზადება გადავწყვიტე და თბილისის მერიის პრეს-ცენტრს მივმართე, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე პირებთან დამაკავშირეთ-მეთქი. მიპასუხეს, გლდანის ტბა კერძო საკუთრებაშია და ჩვენ არ გვეხებაო.
„ეგ ტბა კერძოა“ სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა რანგის მუშაკებისგან გამუდმებით გვესმის. მაგალითად, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ თავის გამოსვლებში არაერთხელ ახსენა „ტბის მეპატრონე“. იგივე შეცდომას ოფიციალურ დოკუმენტშიც იხილავთ: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტბის კვლევაში ვკითხულობთ: „ზემოთ აღნიშნული გადაჭარბებიდან გამომდინარე, სასურველია, გლდანის დიდი ტბის მფლობელმა (!!!) ჩაატაროს დამატებითი კვლევები დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და შემდგომში მათ აღმოსაფხვრელად“ (N 21/6661. 16/08/2023).
აშკარაა, რომ სააგენტო ტბის მფლობელად სახელმწიფოს არ მოიაზრებს. საჯარო მოხელეები იურიდიული და სამართლებრივი წიგნიერებით ხშირად ვერ დაიკვეხნიან. სწორედ ამიტომ გვესმოდა და გვესმის ასე ხშირად: „ეგ ტბა კერძოა, ამიტომ ვერაფერს გავხდებით!“.
ისმის კითხვა: ატარებენ თუ არა სახელმწიფო უწყებებში ტრენინგებს იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე? და თუ ატარებენ, რატომ გვიწევს ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებს იმის მტკიცება, რომ წყლის შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ტბა კერძო ვერ იქნება?!
„წყლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა და აკრძალულია ყოველგვარის ქმედება, რომელიც ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების ხელყოფას.
უფრო მეტიც: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ბუნებრივი წყალსაცავის ფსკერის საკუთრებაში გადაცემა, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, დაშვებული არ არის.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი ტბორის კერძო მფლობელობაში გადაცემას არ კრძალავს. ამდენად, ძნელი მისახვედრი არაა, რას ემსახურებოდა ტბის ჯერ ტბორად გამოცხადება, შემდეგ კი ფსკერის სახნავ მიწად გადაქცევა. ამან მწვანე შუქი აუნთო წყალდაცვითი ზოლისა და ფსკერის კერძო პირზე ხელაღებით მიყიდვას. წყლის მასა იურიდიულად, სახელმწიფო მფლობელობაში დარჩა, ხოლო ფაქტობრივად - ჰაერში გამოკიდებული. სწორედ ამან შეუწყო ხელი საზოგადოებაში იმ მცდარი აზრის დამკვიდრებას, რომ ტბა კერძოა.
ვინ კლავს ტბას?
როდესაც მერიის პრეს-ცენტრში ვერაფერს გავხდი, 2022 წლის სექტემბერში განცხადებით მივმართე გლდანის გამგეობას და გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელთაგანაც ტბის გადასარჩენად ზომების მიღებას მოვითხოვდი. განცხადება სსიპ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. ოფიციალურ პასუხში მაცნობეს, ტბის კლება მისი მკვებავი არხების მოშლამ, აგრეთვე კლიმატის ცვლილებამ გამოიწვიაო. აღნინული იყო ტბის შესავსებად დამატებითი რესურსის გამონახვის აუცილებლობაც.
მიმდინარე წლის ივლისში გლდანის მაცხოვრებლებმა ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით (გიორგი მულაძე, მედეა გოგსაძე, გიორგი ჯაფარიძე, ინგა ადიკაშვილი ) კოლექტიური განცხადებით მიმართეს გარემოს დაცვის სააგენტოს. ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც დაადასტურა ადრე გაკეთებული დასკვნა და წყლის პარამეტრებში შემაშფოთებელი ცვლილებები, მათ შორის - ფეკალური დაბინძურებაც. ტბა ლპება და ფაქტობრივად, კვდება. ისმის კითხვა: ვინ არის დამნაშავე?
2010 წელს დაიწყო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ხეისუფლებამ გამოვლენილი ხარვეზების გამო 2016 წელს შეაჩერა. ამასთან, მიწის სამუშაოების პროცესში დააზიანეს სანიაღვრე არხები, რომელიც ტბას წყლით ასაზრდოებდა. შედეგად წყალი ასველებს ფერდობს და მიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრით დაბლა გათხრილ ტრანშეაში ჩაედინება, ხოლო იქედან - მიტოვებულ სარკინიგზო გვირაბში. მივიღეთ ტბის ტოტალური კლება-დაჭაობება, წყლის ლპობა-დაბინძურება, გაუსაძლისი სიმყრალე და თანმხლები სამედიცინო რისკები. გაითვალისწინეთ, რომ სანიაღვრე არხების დაზიანება შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს!
საინტერესო დეტალი: ტბის შრობის საკითხში ამ პროექტის „დამსახურება“ გლდანის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტთა მიერ ჩატარებულ კვლევაშიცაა მითითებული.
გლდანის მაცხოვრებლებმა კოლექტიური განცხადებით მივმართეთ სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზას“. სატელეფონო საუბარში გვიპასუხეს, „მიმდინარეობს საკითხის შესწავლა; პროექტი ჩვენი კი იყო, მაგრამ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ატარებდა, ამდენად, ყველაფერი არც ისე მარტივიაო“. განცხადების შეტანის მომენტიდან თითქმის ორი თვე გავიდა, მაგრამ ოფიციალური პასუხი ჯერაც არ გვაღირსეს.
ჩნდება უამრავი კითხვა: რატომ აუნთო სახელმწიფომ მწვანე შუქი ეკოლოგიურად გაუმართავ პროექტს? რატომ არ იზრუნა მისგან მიყენებული ეკოლოგიური ზარალის დადგენა-აღმოფხვრაზე? რატომ არ ატარებდნენ გარემოს დაცვის სტრუქტურები ტბის მონიტორინგს, ან თუ ატარებდნენ, რატომ არ ატეხეს განგაში? სად იყო თბილისის მერია, რომელსაც განგაში აგრეთვე უნდა აეტეხა? როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა სანიაღვრე არხების მოშლაზე საქართველოს რკინიგზასა და სამშენებლო კომპანიას შორის? როდესაც ტბამ შრობა დაიწყო, რატომ არ ატეხა განგაში ტბიანი ნაკვეთის მეპატრონემ, ნატალია კვანტალიანმა? თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მან ზოგიერთ კოლექტიურ განცხადებაზე ხელი მოგვიწერა.
ცნობისთვის: ტბის ფსკერის მისთვის კუთვნილი ნაწილი კვანტალიანმა ორ ნაწილად დაჰყო და გადასცა შპს ჯანო-სა და მოქ. ნათია ჩაჩუას.
„გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, გარემოს ობიექტის მიმართ რისკების გაჩენის შემთხვევაში შეუტყობინებლობა და კომპეტენციის ფარგლებში ზიანის აღმოფხრაში მონაწილეობისთვის თავის არიდება ფრიად სოლიდური ჯარიმებით ისჯება. მაგალითად, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ შეუტყობინებლობისთვის ჯარიმა 5 000-დან 10 000-მდე ლარითაა განსაზღვრული (მუხლი 17), ხოლო ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის - 20 000-დან 40 000 ლარამდე ოდენობით (მუხლი 20).
ისმის კითხვა: ვინ ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ტბის უპატრონოდ მიტოვება-გავერანებისთვის? და კომპეტენტური ორგანოები, წესით, ამაზე უკვე უნდა მუშაობდნენ.
როგორ გადავარჩინოთ ტბა?
სსიპ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში მკაფიოდაა განსაზღვრული, რა არის ამისთვის საჭირო. კერძოდ, მოძიებულ უნდა იქნას ბუნებრივი მკვებავი არხები, რომლებიც უზრუნველყოფს ტბის ბუნებრივ შევსებას; მოძიებულ იქნას ტბის ხელოვნურად შევსების ალტერნატივა; დადგინდეს, არის თუ არა ჩართული მიმდებარე ტერიტორიები ერთიან საკანალიზაციო სისტემაში; გამოვლენილ იქნას ტბის დაბინძურების წყარო და იგი გაიწმინდოს წყალმცენარეებიდან.
ბუნებრივი მკვებავი არხები დიდი ხანია, ცნობილია. ასე, რომ GAMMA CONSULTING-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტებს არ გაუჭირდებათ მათი აღდგენა-გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. ეს გადაუდებელი აუცილებლობაა, ვინაიდან წყლის უკონტროლო მასამ შესაძლოა, ახალი რისკები გააჩინოს.
რაც შეეხება ალტერნატიულ წყაროს, უკვე გაჟღერდა ჭაბურღილის თემა; ჰიდროლოგიურ და წყლის დაბინძურების საკითხზე პასუხსაც GAMMA CONSULTING-ისგან ველით.
სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას: განგაშის დროულად ატეხvა მოქალაქეებსაც შეეძლოთ, მაგრამ სანამ ტბის სიმყრალემ არ შეაწუხათ, ხმა არ ამოიღეს. აქედან გამომდინარე, ზნეობრივი პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება. ჩადენილი დანაშაული სახელმწიფომ და მოქალაქეებმა საერთო ძალისხმევით უნდა გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტბის იურიდიული გაუჩინარება ფიზიკური გაქრობით „დაგვირგვინდება“.
მედეა გოგსაძე