29-02-2024 00:48:20 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტში ვიზიტისას თქვა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შემდგომ წლებში არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია.
ამ კონტექსტში ელჩმა ბოლო 32 წლის განმავლობაში გაწეული 6 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება ახსენა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "ეს რიცხვი არ ჰყვება ჩვენი მეგობრობის ისტორიას და იმას, თუ რა სარგებელი მოუტანა ჩვენმა პარტნიორობამ ორივე ქვეყანას":
"გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომლებსაც შევხვდი, რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა. აქ ყოფნის დროს მე შევხვდი ჯარისკაცებს, სანაპირო დაცვის და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებიც გაიწვრთნენ და აღიჭურვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად. მე შევხვდი უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათმა ამერიკელებთან პარტნიორობამ და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება. მე შევხვდი ფერმერებს და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა, რომელიც მათ მიიღეს შეერთებული შტატებიდან, დაეხმარა მათ ბიზნესის გადარჩენაში. აშშ-ს მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში".
ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა დაფინანსებამ "ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. ორის გარდა, როგორც მე ვიცი. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო საზღვრზე პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს ნატოსთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში".
ელჩმა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ახსენა საქართველოს დახმარება თავდაცვის კუთხით, მათ შორის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო პარტნიორობა "ნამდვილად არის საქართველოსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი":
"ჩვენი სამხედროები იწვრთნებოდნენ ერთად, იბრძოდნენ ერთად და შედეგად მათ ჩამოაყალიბეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები. მათ ერთად შეუწყვეს ხელი საქართველოს სამხედრო ძალების ნატოსთან თავსებადობას. ისინი ერთად სწავლობდნენ საუკეთესო პრაქტიკას. როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა გენერლებმა აღნიშნეს, ამ პარტნორობამ არა მხოლოდ საქართველოს სამხედრო ძალები გააძლიერა, გააძლიერა ჩვენიც",– თქვა ელჩმა და საქართველოს თავდაცვის ძალებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება ერთმანეთს შეადარა, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს, ხოლო აშშ-ის შემცირებულს.
იხილეთ ასევე: რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“