სახდეპი – "აგენტების კანონზე": მსგავს კანონებს კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები იყენებენ

18-04-2024 22:42:08 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამჯერად ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება "აგენტების კანონის" ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა თქვა, რომ მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ.

მისი თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას:

“ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონმდებლობით და მისი პირველი მოსმენით მიღებით, განსაკუთრებით იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს იღებს სამიზნეში და მათ სტიგმატიზაციას ახდენს. ვფიქრობთ, რომ ეს ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს"

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მან თქვა, რომ "ჰიპოთეტიურზე სპეკულირებას" არ მოახდენს.

რაც შეეხება რუსეთს, მან გაიმეორა, რომ "მსგავს კანონებს იყენებს კრემლი. არა მხოლოდ კრემლი, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და სისტემური რეპრესირება მოეხდინათ":

"არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა შეესაბამება გამჭვირვალობის გაზრდის საჯაროდ დასახელებულ მიზანს”.

მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა.

ის მხარეებს მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში.

საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციისადმი ჰქონდეთ წვდომა. მსგავსი კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან,” - წერს მილერი.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები