NATO – ანაკლიაზე: ჩინეთი დიდი ხანია, ცდილობს გავლენა ჰქონდეს მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

29-05-2024 18:01:53 ,

NATO–ში ეხმიანებიან ქართული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.

როგორც "აქცენტს" NATO–ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, "დაგეგმვის გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია, ცდილობს გავლენა ჰქონდეს მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე".

"შავი ზღვა NATO–სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება", – დასძინა მან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.

"2023 წლის სექტემბრისთვის უკვე შერჩეული გვყავდა ორი კვალიფიციური კომპანია – ჩინური კონსორციუმი და "თიაიელი" – ლუქსემბურგული კომპანია. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დეტალური წინადადებების მიღების პროცესზე. [...] ორივე პრეტენდენტთან გვქონდა დეტალური კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან, ამ შემთხვევაში აპლიკაცია სრულყოფილია, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები, აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს და დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ", – განაცხადა მინისტრმა.

2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან, მისი ცნობით, კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები