საგამოძიებო სამსახური დილით ჩატარებულ ჩხრეკებს "ქოლცენტრებს" უკავშირებს

24-10-2024 13:52:29 საზოგადოება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები,- იტყობინება საგამოძიებო სამსახური. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ორგანიზაციის "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი თანამშრომლების სახლებში ჩატარდა ჩხრეკა. საგამოძიებო სამსახური ასევე შევიდა ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში.

„მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე მოკლე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ:

„მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს “,- აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები