21-11-2024 10:10:43 საზოგადოება
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე პროტესტისას დაკავებულმა რვა პირმა დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი. ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება სამი პირი, რომლებიც იზოლატორს სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს.
"როდესაც დარბევა და დაკავებები დაიწყო, პირველი, რაც დავინახე, ძალიან პატარა ბიჭს ერთი რვა პოლიციელი მიათრევდა, თან ურტყამდა, "რატომ იჭერთ - მეთქი?". ვცდილობდი ჩარევას. როდესაც მანქანაში ჩასვეს, ჩავებღაუჭე. ამ დროს ნეკნებში მირტყეს, ფეხებშიც. შემდეგ მანქანა მოაყენეს და ვიდრე მიმიყვანდნენ, კარგად მირტყეს",- იხსენებს ბესო ლიპარტელიანი.
"როცა გაკავებენ და მერე როდესაც გამოდიხარ ამ ჯურღმულიდან, ყველაზე კარგად გრძნობ თავისუფლებას და თურმე რისთვის იბრძვი ადამიანი და თურმე რა სწორ მხარეს დგახარ. რაც შეეხება დაკავებას, საშინლად ამაზრზენი ადამიანები იყვნენ. დაკავებისას როდესაც აქცევ ადამიანს და შემდეგ ფეხებით დგები და წაქცეულზე კბენ, ეს არის რაღაც სასწაული, პოლიციის ნაკბენი მაქვს!" - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე.
გამოძიება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ჯამში პოლიციამ 16 პირი დააკავა, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლა.