ყურუა: მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის, ეს არ გულისხმობს მაინც და მაინც ქუჩაში ხანგრძლივად დგომას

25-11-2024 02:42:33

ვერც ერთი პროტესტი ვერ გამოიღებს შედეგს, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც ნებისყოფა, გამძლეობა არ აქვთ და ხანგრძლივი პროცესისთვის არ არიან მზად,- ფიქრობს "კოალიცია ცვლილებების" წევრი ბორის ჩელე ყურუა, რომელიც ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე 10-ზე მეტი კარავია გაშლილი.

მისი თქმით, მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ ხანგრძლივი პროტესტისთვის, ხოლო ბრძოლის მეთოდებს დრო აჩვენებს. მან კერძო ინიციატივების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"არავინ იცის, რა მოხდება, ქართული ოცნების თავში რა მოიხარშება და შემდეგ რა პასუხის გაცემა მოგვიწევს ჩვენ. თუმცა, თუ რამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად, უნდა ვიყოთ ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის. ეს არ გულისხმობს მაინც და მაინც ქუჩაში ხანგრძლივად დგომას - შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიების მოფიქრება. მე, ზოგადად, მგონია, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებთან ბრძოლის დროს კერძო ინიციატივებია ხოლმე ის გადამწყვეტი, რაც ძალაუფლებას ამარცხებს და ხალხისთვის გამარჯვება მოაქვს. ნებისმიერ შეთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის და ბრძოლის მეთოდებს თანდათან მგონია, რომ დრო გვიჩვენებს და მათ შორის, "ქართული ოცნების" ქმედებებიც მიგვითითებს ამაზე",- თქვა პოლიტიკოსმა.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.

პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც.

26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი ფუნდამენტური უფლების - ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიციაც და არ აპირებს პარლამენტში შესვლას ამჟამინდელი პოზიციით. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები