25-11-2024 13:01:14 პოლიტიკა
მე–11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება სცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა სცნო.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა:
“მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.
ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს: “ვფიცავ“.
პარალელურად, პარლამენტის წინ და უკან რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. დემონსტრანტების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის – წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.