25-11-2024 18:01:15 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერების - ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის და თენგო თევზაძის განცხადებით, კოალიციამ უკვე მიმართა ცესკო-ს სიების ჩახსნის თაობაზე, ხოლო პროცედურულად შემდეგი ნაბიჯია ინდივიდუალური განცხადებები მანდატის ჩახსნასთან დაკავშირებით.
"ორი სხვადასხვა პროცედურაა. ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება წესით უკვე შესული უნდა იყოს ცესკო-ში და მაგის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამოწერენ მანდატებს. მაგ პროცედურასაც გავივლით. ჯერ იხსნება სია და შემდეგ კეთდება ინდივიდუალური განცხადებები." - თქვა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხოშტარიას თქმით, მათ კოალიციაში "არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს".
თენგო თევზაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციას მათი განაცხადის დაკმაყოფილებისთვის სამდღიანი ვადა აქვს, თუმცა კოალიცია კალანდარიშვილისგან ითხოვს, ეს გადაწყვეტილება ხვალვე დააკმაყოფილოს:
"კოალიცია ცვლილებისთვის" არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია. ის სიტყვა რაც ვთქვით და შევპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ყველა იმ ამომრჩეველს ვინც ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცა არჩევნები და ის შედეგი, რაც მათ დაიწერეს და დაუწერა ცესკომ, არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას, ჩვენ, აქედან გამომდინარე დღეს ცესკოში, ჩავაბარეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ პარტიული სიის ჩახსნას და ამის შემდეგ, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს უკვე იმ დეპუტატების, რომელსაც ე.წ. საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობა მოახდინა, ის ადამიანები მოვითხოვთ ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტას პირადი განცხადების საფუძველზე.
რატომ ვაკეთებთ ამ თანმიმდევრობით? იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას მოვუსპოთ რაც შეიძლება მეტი ე.წ. რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა და პერიოდი. ამიტომ, ჩვენ გვიდა რომ ჩავხსნათ სია და ცესკოს აქვს 3 დღე ამისთვის, მაგრამ მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს ეს გააკეთოს ხვალვე ვინაიდან მან არ შეუწყოს ხელი და არ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებაში, რასაც ქართული ოცნება აკეთებს...
ამის შემდეგ ჩვენ მივმართავთ ე.წ. პარლამენტს და მოვითხოვთ ჩვენი მანდატების გაუქმებას იმიტომ, რომ პირველ რიგში რომ მიგვემართა ე.წ. პარლამენტისთვის და ჩაეხსნა, შემდეგ ადგილმონაცვლეობით უნდა შემოსულიყო ახალი ადამიანები. ისინი ვინც სიაშია." - განაცხადა თევზაძემ.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციური პარტიები შეკრებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.