TI – ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების საქმეზე: "წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია"

24-12-2024 12:39:33 სამართალი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" (TI ) მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების წინასწარი პატიმრობის შეფასებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით".

TI–ს ცნობით, წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია.

"რას ედავებიან დაკავებულებს?

2024 წლის 6 დეკემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძეს, გურამ მირცხულავას და ონისე ცხადაძეს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის („ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა“) ჩადენაში.

ვინ არიან საქმის ფიგურანტები?

ექვსივე ბრალდებული - ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, ანდრო ჭიჭინაძე, გურამ მირცხულავა და ონისე ცხადაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები იყვნენ.

ზოგიერთი მათგანი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად ეწერებოდნენ მედია საშუალებებს და ადამიანებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. ანდრო ჭიჭინაძე პოპულარული მსახიობია და ასევე პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებშიც. კერძოდ, სოციალურ პლატფორმა “ინსტაგრამზე” მას თითქმის 5 000 გამომწერი ჰყავს. თავისი მოწოდებებით მას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეეძლო. განსაკუთრებით პოპულარული იგი ჯენზის თაობაშია.

ასევე პოპულარობით სარგებლობს ონისე ცხადაძეც, რომელიც იუმორისტი, სტენდაპერი და ციფრული კრეატორია. სოციალურ პლატფორმა “ფეისბუქზე” ონისეს 35 000 გამომწერი ჰყავს და მასაც თავისი მოწოდებებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეეძლო. ონისე ხშირად გამოირჩევა მოკლე იუმორისტული პოსტებით და, ასევე, სოციალურ ქსელებში ხშირად ანთავსებდა ინფორმაციას მიმდინარე პროტესტებზე.

პროკურატურის პოზიცია

ბრალდების მხარის მტკიცებით, ზემოთ დასახელებული ექვსი პირი, სხვადასხვა დღეებში - ზოგი მათგანი 2024 წლის 28 ნოემბერს, ზოგი 29 ნოემბერს და ზოგიც 1 დეკემბერს - „აქტიურად მონაწილეობდა“ სხვა პირების მიერ ორგანიზებული „ძალადობრივი ჯგუფის“ მოქმედებებში; კერძოდ, ისინი სხვადასხვა „მძიმე საგნებს“, „ჯოხს“ ან „ბოთლს“ ისროდნენ პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე „საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებულ სამართალდამცველების“ მიმართულებით, რითაც „საფრთხეს [უქმნიდნენ] სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

რითი დაასაბუთა პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა

2024 წლის 6 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა ამგვარი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი. ფაქტობრივ საფუძვლად პროკურატურამ მიუთითა „მტკიცებულებით ერთობლიობაზე“, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული. ფორმალურ საფუძვლებად, კი პროკურატურამ დაასახელა ბრალდებულების მიმალვის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აგრეთვე, ის გარემოება, რომ მათ ბრალი დაედოთ ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელი.

საქართველოს კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. დასაბუთების ვალდებულება მოიცავს პროკურატურის ტვირთს, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დამტკიცდეს აღკვეთის ღონისძიების მოცემული საფუძვლის რეალურობა.

მოცემულ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს ხსენებული საფრთხეების რეალობაში დაარწმუნებდა. პროკურატურა მხოლოდ ზოგადი, აბსტრაქტული ხასიათის მსჯელობით შემოიფარგლა.

მოსამართლე პროკურატურის და მმართველი პარტიის სამსახურში

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განიხილა. მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, 2024 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავისი განჩინებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი პატიმრობა - პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს. იშვიათად ხდება, რომ ასეთ საქმეებში სასამართლოები არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას იყენებენ. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიება მაინც გამოიყენება, ამის ინიციატორი უფრო თავად პროკურატურაა, ვიდრე სასამართლო. ნამდვილი სასამართლო კონტროლი ამ სფეროში უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს სახელმწიფომ არაერთი საქმე წააგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო.

სტრასბურგის სასამართლოს აღიარებული სტანდარტია, რაც საქართველოს მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებშიც არაერთხელ იქნა მითითებული, რომ დასაბუთებული ვარაუდის არსებობა არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირს, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, აღკვეთის ღონისშიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ამგვარი დასაბუთებული ვარაუდის, იგივე „გონივრული ეჭვის“ არსებობა აუცილებელი პირობაა (conditio sine qua non) პირის თავდაპირველად დაკავებისათვის. მაგრამ როდესაც დაკავების შემდეგ სასამართლო ამოწმებს, უნდა გამოიყენოს თუ არა ამ პირის მიმართ პატიმრობა, ასეთი გონივრული ეჭვის არსებობა საკმარისი აღარ არის და სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიუთითონ სხვა „რელევანტურ და საკმარის“ საფუძვლებზე, რათა გაამართლონ პირის დაპატიმრება. ეს სხვა საფუძვლები მოიცავს მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის განხორციელების, მტკიცებულებათა განადგურების, ხელახალი დანაშაულის ჩადენის და სხვა ამგვარ საფრთხეებს. ასეთი საფრთხეები ჯეროვნად უნდა იყოს დასაბუთებული და სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული, ზოგადი ან სტერეოტიპული („მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადის ნომერი 72508/13, დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, § 222; „გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადის ნომერი 37048/04, 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, §§ 73, 76). პატიმრობის ვადის გაგრძელების ნებისმიერი პერიოდი, განურჩევლად მისი ხანგრძლივობისა, კომპეტენტური ეროვნული ორგანოებისგან სათანადო მოტივაციას მოითხოვს. ამიტომაც შესაბამისი პროცედურების განხორციელებისას ეს ორგანოები ვალდებულნი არიან, ,,განსაკუთრებული გულისხმიერება” გამოიჩინონ („ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადის ნომერი30779/04, 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, § 62).

აღკვეთის ღონისძიების გამოყებების დასაბუთების პრობლემა

სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, მოსამართლე მჭედლიშვილმა თავის განჩინებაში დაადგინა, რომ პროკურორის პოზიცია თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის/განადგურების საფრთხეებთან მიმართებით დასაბუთებულია.“ თუმცა, მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას რამდენიმე პრობლემა აქვს:

  1. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ პროკურატურას, გარდა წმინდა აბსტრაქტული მსჯელობისა, არ წარუდგენია სასამართლოსთვის არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საფრთხეების რეალურობას რამდენადმე მაინც დაასაბუთებდა.
  2. სასამართლოს არ უმსჯელია, როგორ და რა სახით შეეძლოთ ბრალდებულებს „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება“, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ უკვე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და მათ კარგად ესმით, რომ „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება“ მხოლოდ მათი პასუხისმგებლობის დამძიმებას გამოიწვევდა.
  3. სასამართლოს არ უმსჯელია თუ როგორ და რა გზით შეეძლოთ ბრალდებულებს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლა ან განადგურება.
  4. სასამართლოს არ უმსჯელია ბრალდებულების პიროვნების, საქმიანობის, ოჯახური ან ქონებრივი მდგომარეობის და ნასამართლობის უქონლობის შესახებ.
  5. დაბოლოს, ზოგადი ხასიათის ფრაზეოლოგიას თუ არ ჩავთვლით, სასამართლოს დამარწმუნებლად არ დაუსაბუთებია, თუ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო ან თუნდაც შინაპატიმრობა, სხვა ისეთ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, როგორებიცაა, მაგალითად, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადება ან/და ელექტრონული მონიტორინგი, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ამ ვითომდაც „რეალური“ საფრთხეების განეიტრალებას.
  6. ბრალდებულ სივაკოვის მიმართ სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებულ საფუძველდებთან ერთად, ასევე არსებობს „მიმალვის საფრთხეც“, რადგან სივაკოვი, სასამართლოს განჩინების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეა და საქართველოსთან კავშირი მას არა აქვს. თუმცა, სასამართლომ არ მიუთითა, რატომ არ იქნებოდა ეს საფრთხე თავიდან აცილებული იმ შემთხვევაში, თუ სივაკოვს, მაგალითად, პასპორტს ჩააბარებინებდნენ.

ცნობისათვის: დანარჩენი ხუთი ბრალდებულის მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოსთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, სასამართლომ მიმალვის საფრთხე რეალურად არ მიიჩნია. სასამართლომ, ევროპული სასამართლოს შესაბამის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით განაცხადა, რომ ამ ნაწილში პროკურატურის მსჯელობა „ზოგადი და აბსტრაქტულია.“ როგორც ჩანს, სასამართლოს თავადაც კარგად ესმის, რომ აბსტრაქტული მსჯელობა ვერ გახდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ამ ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება მოსამართლე მჭედლიშვილის მიკერძოებულობა, რადგან მან იგივე არგუმენტი არ გამოიყენა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის/განადგურების ვითომდაც საფრთხეებთან მიმართებით.

ჩვენი დასკვნა

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი გამოიტანდა დასკვნას, რომ ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოსამართლე მჭედლიშვილის მხრიდან იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა “ქართული ოცნების” პირობებში დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯისთვის გამოიყენება.

ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე მათი პოლიტიკური მოსაზრებებისა და საპროტესტო აქციებზე აქტიურობის გამო ისჯებიან, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი პოპულარული ადამიანია და საზოგადოებაზე გარკვეული გავლენით სარგებლობს.

რაც შეეხება ამ საქმეში მყოფ უკრაინის მოქალაქეს, ჯერ ერთი, არსებობს ეჭვი, რომ რუსლან სივაკოვი შეიძლება არ იყოს უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასეც რომ იყოს, მისი დევნა, სავარაუდოდ, უკრაინის და უკრაინელების საწინააღმდეგო სამთავრობო ნარატივის გაძლიერებისთვის ჭირდებოდათ. როგორც ცნობილია, აქციების მიმდინარეობის დროს სამთავრობო პროპაგანდა აქტიურად ავრცელებდა ნარატივს უკრაინელი მოქალაქეების ვითომდაც ძალადობაში მონაწილეობის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ემსახურება იმ მიზანსაც, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს შიში იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა შეიძლება გახდეს ნებისმიერი მონაწილის მიმართ ამგვარი უსამართლო და უკანონო დევნის განხორციელების საფუძველი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს და სისხლის სამართლის პროცესის შემდგომ ეტაპებზე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები