ნინო სუხიშვილი: "მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა, ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ"

24-12-2024 23:56:48 საზოგადოება

ანსამბლ “სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ “იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, შიში არ აქვთ, ვერავინ შეაშინებს, რისკიანი თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და იბრძვის მომავლისთვის და ქვეყნისთვის".

როგორც სუხიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციონ".

"რატომ არის დღეს საზოგადოება გახლეჩილი, სწორედ მთავრობაა დამნაშავე ამაში. ეს ახალგაზრდები მთელი ღამეები დგანან ქუჩაში, 100 ათასობით ადამიანი, რომელიც არ დანებდება და გაგრძლედება, და უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მჯერა, რომ თავის სათქმელს იტყვიან და მიზანს მიაღწევენ. არ შეიძლება, ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. რაც საქართველოში ხდება დიდი გულისტკივილია. არ მინდა, ჩემი ქვეყანა დაბნლედეს, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი. ხალხს და მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყვიან და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. უნდა გაიგონ მათი სათქმელი, მოუსმინონ და დამთავრდეს. არ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეთ. მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა, ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ამასთან, იგი გამოეხმაურა მოცეკვავეების მარშს, რა დროსაც ისინი ხორუმის ცეკვით პარალმენტისკენ წავიდნენ. მან აღნიშნა, რომ ეს იყო “სიმბოლური და ამაღელვებელი მომენტი ამ მძიმე დღეებში“.

"ხორუმი ხომ ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ილიკო სუხიშვილმა ძეგლი დაიდგა ამ ცეკვის შექმნით, მისი ილეთი ყველა ქართველმა იცის და სწორდ ამიტომ, ყველა ჩაება ამ ცეკვაში, მოცეკვავე იყო თუ არა. ეს ცეკვა იყო სიმბოლური და ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტი ამ მძიმე დღეებში. ძალიან მესიამოვნა, რომ მოსახლეობა ჩადგა ამ ხაზში და წავიდნენ ხორუმის სვლით“, - განაცხადა სუხიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები