27-12-2024 00:09:18 პოლიტიკა ,ეკონომიკა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს, ამჯერად - ანაკლიის პორტის ჩინელებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და "ოცნების" არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს კითხვით, მზადაა თუ არა იგი სანქციებისთვის.
"რატომ დაუდო საქართველოს მომავალმა დიქტატორმა ბიძინა ივანიშვილმა სანქცირებულ ჩინურ კომპანიას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების კონტრაქტი?
მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?", - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი სტივ ფეინბერგი ის მილიარდერი ინვესტორია, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებით იყო დაინტერესებული.
კერძოდ, პორტის პროექტში ინვესტიციების დაბანდების მსურველ ამერიკულ კომპანიებს შორის იყო კერძო კაპიტალის ფონდი Cerberus Capital Management LP-ც, რომლის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი სწორედ ფეინბერგი გახლავთ.
თუმცა, როგორც ცნობილია, ანაკლიის კონსორციუმსა და "ოცნების" მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა და საბოლოოდ ხელისუფლებამ პროექტის საეჭვი რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიისთვის მინდობა გადაწყვიტა.
ცნობისთვის: ტრამპმა ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 22 დეკემბერს წარადგინა.
2017-2021 წლებში ფეინბერგი ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.