ცერცვაძემ COVID-19–ის შესახებ ცოდნა შეაჯამა: „შესაძლოა, ვირუსი ორგანიზმში გართულებებს ტოვებდეს“

22-05-2020 21:22:13 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში COVID-19–ის შესახებ ქართველი ექიმების გამოცდილება და ცოდნა შეაჯამა.

მან ყურადღება გაამახვილა გართულებებზე, რასაც ახალი კორონავირუსი იწვევს და აღნიშნა, რომ ეს გართულებები ექიმებმა მკურნალობის პროცესში დააფიქსირეს.

მისივე თქმით, უკვე არსებობს ვარაუდი, რომ COVID-19 შესაძლოა, განკურნებული პაციენტის ორგანიზმში გართულებებს ტოვებდეს.

„ძალიან ვერაგი ვირუსია. განსხვავდება აქამდე ცნობილი სხვა ვირუსებისგან. ის გაცილებით უფრო მრავალმხრივ დაზიანებებს იწვევს ორგანიზმში და ამითაა ცბიერი. თავიდან რომ გვეგონა, კოვიდი მხოლოდ ორმხრივი პნევმონია იყო და მეტი არაფერი, პაციენტის დამძიმება და ლეტალური შემთხვევები გამოწვეული იყო მხოლოდ პნევმონიით და დისტრესსინდრომით, ასე არ არის. ჩვენი პრაქტიკით და მსოფლიო გამოცდილებით, რომელიც დაახლოებით, თანხვედრაში მიდის, ამ ვირუსს ახასიათებს ძალიან ბევრი თავისებურებები, უცნაურობები და მოულოდნელი სიურპრიზები:

  • ვირუსი გარდა უშუალოდ სასუნთქი სისტემის დაზიანებისა, ხშირ შემთხვევაში იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის დაზიანებას;
  • ვირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას;
  • ძალიან სერიოზულად აზიანებს გულ–სისხლ–ძარღვთა სისტემას, გულის მთელ რიგ დაავადებებს იწვევს, მათ შორის იწვევს სისხლძარღვების ანთებას და ამის შესანიშნავი მაგალითია ბავშვებში რომაა ახლა გავრცელებული ამერიკაში, რომელიც კავასაკის სინდრომს ჰგავს;
  • აზიანებს თირკმელს;
  • აზიანებს ღვიძლს;
  • აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას მრავალ ასპექტში.

შედეგად, ეს დაავადება საჭიროებს მულტიპროფილურ მართვას: ინფექციონისტი და რეანიმატოლოგი რჩება, თუმცა სხვების ჩართვაც აუცილებელია – კარდიოლოგის, ნერვოპათოლოგის, ენდოკრინილოგის და ა.შ.

გამოითქმება ეჭვი, რომ დაავადება პაციენტის განკურნების შემდეგ ორგანიზმში ტოვებს ძალიან სერიოზულ დაავადებებს. ანუ უკვალოდ არ ქრება. ჩვენ ჯერ არ გვქონია საშუალება, რომ პოსტ–კოვიდური პაციენტები შეგვესწავლა, მაგრამ უცხოეთში, ლიტერატურაში ეს არის. მაგალითად, ჩინეთში, სადაც ადრე დაიწყო ეპიდემია, ნახულობენ, რომ განკურნებულ პაციენტებს სასუნთქი, გულ–სისხლ–ძარღვთა სისტემის მხრივ დაზიანებები აქვთ და ა.შ.

ძალიან საინტერესო მომენტი: ეს თავის „პოსტში“ დადო ამერიკაში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა ზურაბ გურულმა და მე ვეთანხმები მას, რომ ამერიკაში კოვიდ–გადატანილი ახალგაზრდები ჩათვალეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევას არ ექვემდებარებიან. ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა. ამას შემდეგ მოჰყვა პროტესტი, მთავრობამ უკან დაიხია და 18 საათის წინ გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები, რომ ნაწილობრივ შეცვალა მთავრობამ გადაწყვეტილება და თქვა, რომ ინდივიდუალურად განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს საკმარისია იმისთვის, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ინფექცია“,– განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას, ცერცვაძე ამბობს, რომ განკურნებულ პაციენტებთან კონტაქტს ინარჩუნებენ:

„პირადი კონტროლი გვაქვს და ვაფრთხილებთ, რომ თუ მათ იგრძნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მოვიდნენ, რათა ვნახოთ, რა შედეგი დატოვა. ჯერ–ჯერობით არავის მოუმართავს“.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსისგან ჯამში 495 პირია განკურნებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები