ფაუჩი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედების სავარაუდო ვადას ასახელებს

30-11-2020 13:10:56 მსოფლიო

მსოფლიოში მოლოდინია, რომ, სულ მცირე, ორ კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინას უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ. საუბარია Pfizer/BioNTech-ისა და Moderna–ს მიერ შექმნილ პრეპარატებზე. თუმცა ზუსტი დრო რამდენი ხნის განმავლობაში ექნება ვაქცინას მოქმედების ვადა ჯერ–ჯერობით უცნობია.

ვაქცინოლოგები ვარაუდობენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის მსგავსად, ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყოველწლიურად იქნება საჭირო.

როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, მისი აზრით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების ვადა სავარაუდოდ, 1 წელი იქნება.

"ზუსტი დრო რამდენ ხანს ექნება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას იმუნიტეტი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ წელიწადზე ნაკლებია, რაც Covid-19-თან ერთად ვცხოვრობთ. შესაბამისად, შეუძლებელია, ვთქვათ, რომ ვაქცინა ერთ წელზე მეტხანს იმოქმედებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სადღეისოდ ასეთი პროგნოზის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. მას შედეგ, რაც იმუნიტეტის ხანგრძლივობის შესახებ მსოფლიომ შეიტყო, გაოცებული ვიქნები, თუ ის 20–წლიანი იქნება, მაგრამ ასევე გამიკვირდება, თუ ეს ერთ წელიწადზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში გასტანს”, - განაცხადა ფაუჩიმ.

რომელი ვაქცინების დამტკიცებას ელოდება მსოფლიო

  • 18 ნოემბერს ამერიკულმა კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა.
  • 16 ნოემბერს ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
  • 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.
  • ნოემბერში რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ვაქცინა - "Спутник V" 92%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ეს – იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული ამ ვაქცინის გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი ამ დრომდე არაა დასრულებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 63 126 674 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 466 049 ადამიანი იმსხვერპლა. 43 587 601 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 267 გარდაიცვალა.

/სტატია მომზადებულია bestlifeonline-ის მიხედვით

ახალი ამბები

სხვა სიახლეები