"არავის სურს ავღანეთში დარჩენა იმაზე დიდი ხნით, ვიდრე საჭიროა. თუმცა ქვეყნის ახლავე დატოვება ნატო–ს 20–წლიან ძალისხმევას რისკის ქვეშ აყენებს"

30-11-2020 17:42:40 მსოფლიო

"არავის სურს ავღანეთში დარჩენა იმაზე დიდი ხნით, ვიდრე საჭიროა. თუმცა ქვეყნის ახლავე დატოვება ნატო–ს 20–წლიან ძალისხმევას რისკის ქვეშ აყენებს", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ავღანეთში შევედით შეერთებული შტატების დასახმარებლად, 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ. შევედით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანა აღარასოდეს გამხდარიყო სხვა სახელმწიფოებზე ტერორისტული თავდასხმის პლატფორმა. თითქმის ორი ათწლეულია იქ ვართ. ავღანეთმა გრძელი გზა გაიარა. ახლა ჩვენ ვხედავთ ისტორიულ შესაძლებლობას მშვიდობის დასამყარებლად. ის მყიფეა, მაგრამ უნდა იქნას გამოყენებული. ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის კიდევ უფრო შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ნატოს სასწავლო მისია ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების ძალების მონაწილეობით გრძელდება. არავის სურს ავღანეთში დარჩენა იმაზე დიდ ხნით, ვიდრე საჭიროა. ჩვენ რთული დილემის წინაშე ვდგავართ. დავტოვოთ თუ არა ქვეყანა და გავრისკოთ, რომ იგი საერთაშორისო ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი კვლავ გახდეს. ან უნდა დავრჩეთ და გავაგრძელოთ მისია. თუმცა როგორი გზაც არ უნდა ავირჩიოთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთად, კოორდინირებულად იყო შემუშავებული", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: ავღანეთში სხვა ქვეყნის ძალებთან ერთად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც არიან წარმოდგენილნი. ქართველი სამხედროები ავღანეთში პირველად, 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ 50 სამხედრო მოსამსახურე ერთჯერადი მისიით ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებს იცავდა. 2009 წლის ნოემბრამდე საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა, ისიც - ლიეტუვას კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი ქაბულში განათავსეს. 2010 წლის აპრილიდან ჰელმადის პროვინციაში ქართული მისია დამატებით 750 სამხედროთი გაიზარდა. 2013 წელს საქართველო ISAF-ის მისიაში 1600-მდე ჯარისკაცით იყო ჩართული. 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ნატო–ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია მოქმედებს. საქართველოდან მასში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები