07-12-2020 14:41:43 მსოფლიო
ამერიკელი ექიმი, რომელიც 258–ე დღეა, კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს 24–საათიან რეჟიმში ემსახურება, მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ მედიკოსებს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ტეხასში, ჰიუსტონში მდებარე საავადმყოფოს "United Memorial Medical Center" ექიმი ჯოზეფ ვარონი იმ ტრაგიკულ რეალობაზე საუბრობს, რომელშიც, მისი თქმით, უკვე დიდი ხანია, ცხოვრობს.
იგი აღწერს პაციენტების სასოწარკვეთას, რომლებიც ერთის მხრივ, კორონავირუსს ებრძვიან, მეორეს მხრივ – იზოლაციას:
"ძალიან რთულია, როდესაც იზოლაციაში ხარ. წარმოიდგნეთ, ხართ ოთახში მარტო და კომუნიკაცია გაქვთ მხოლოდ "კოსმონავტების ფორმაში" გამოწყობილ ხალხთან. ეს ყველასთვის რთულია, ვფიქრობ, განსაკუთრებით რთული – ხანდაზმულებისთვის. ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ. შევდივარ პალატებში, ვესაუბრები პაციენტებს, ჩავჭიდებ ხელს. ეს არის ის, რაც მათ ამხნევებთ. ასევე იქცევიან ჩემი კოლეგებიც. ერთ–ერთი შემოვლისას ვნახე, რომ მოხუცი იდგა და ტიროდა. მივუახლოვდი და ტირილის მიზეზი ვკითხე მიპასუხა, რომ თავის მეუღლესთან უნდოდა. მივედი და ჩავეხუტე. ცოტა ხანში დაწყნარდა და თავი უკეთ იგრძნო. არ ვიცი რა მაძლევს იმის მუხტს, რომ კიდევ შემართებით ვიყო. არის ისეთი ვითარებაც, როდესაც სასოწარკვეთილი პაციენტების შემყურე ჩემი კოლეგები ტირიან და მოწყენილები არიან. თუმცა მედიკოსები ბრძოლას განვაგრძობთ".
ჯოზეფ ვარონი მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე, დაიბანონ ხელები და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.
მისი შეფასებით, "სიგიჟეა, როცა ექიმების მუხლჩაუხრელი შრომის პარალელურად, რიგი ადამიანები კვლავ აგრძელებენ რესტორნებში თავყრილობებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საყიდლებზე სიარულს".
"ხალხი უგულოდ იქცევა. ჩვენ ვშრომობთ და ვშრომობთ, ხალხი არ გვისმენს და ეს მთავრდება იმით, რომ ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან. მინდა, ხალხმა იცოდეს: მე არ მინდა თქვენთან ჩახუტება. დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე, დაიბანეთ ხელები და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ამ რეკომენდაციების შესრულება ძალიან მარტივია. თუ ხალხი ამას გააკეთებს, მე და ჩემს კოლეგებს დასვენების შესაძლებლობა გვექნება", – დასძენს ვარონი.
შეგახსენებთ, რომ კოვორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების 15 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაავადებამ 288 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
აშშ–ში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას დეკემბერში გეგმავენ. თუმცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ვაქცინა არ ნიშნავს პანდემიის მყისიერად დასრულებას და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.