2020 წლის 10 მთავარი სამეცნიერო მოვლენა

29-12-2020 13:00:09 საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემიამ გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე, მათ შორის – მეცნიერებაზე, 2020 წელი შთამბეჭდავი აღმოჩენებით გამოირჩევა.

წლის ყველაზე მთავარ მიღწევად Covid-19-ის ​საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა სახელდება.

გთავაზობთ 2020 წლის ათ მთავარ სამეცნიერო მოვლენას:

1 Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების უმოკლეს დროში შექმნა

ოფიციალური ცნობებით, ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც Covid-19–ს იწვევს პირველად ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინელმა მკვლევარებმა ვირუსის გენომის სწრაფად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დაავადება ინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს ახლო კონტაქტის დროს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემოდა. თებერვალში ჩინელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დაავადების გამავრცელებელნი ის ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც კოვიდ–ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. 2020 წლის აპრილში მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პირბადეების ტარება ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. მოგვიანებით, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით შემუშავდა სამი ძირითადი რეკომენდაცია – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. პარალელურად, დაიწყო ვაქცინებზე მუშაობა. როგორც წესი, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება. პანდემიის დაწყებამდე, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დამზადებულად ყბაყურას ვაქცინა ითვლებოდა, რომლის შექმნას 4 წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.

სადღეისოდ დასავლეთის მიერ შექმნილია, სამი ვაქცინა – Pfizer/BioNTech–ის, Moderna–ს და AstraZeneca–ს ვაქცინები, მათგან ორი (Pfizer/BioNTech–ის, Moderna–ს ვაქცინები) უკვე დამტკიცებულია და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს.

18 ნოემბერს კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ნოემბერში ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა. რაც შეეხება AstraZeneca–ს, მის მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთობლივად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად, კვლევა კვლავ გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი კვლევების შედეგებით, ადამიანებს, რომლებიც COVID-19–ით იყვნენ ინფიცირებულები და უკვე გამოჯანმრთელდნენ, დაავადების მიმართ იმუნიტეტი 8 თვის განმავლობაში ექნებათ.

2 მსოფლიოში პირველად, CRISPR-ის სისტემამ კიბოს უჯრედები გაანადგურა

ებრაეელმა მეცნიერებმა შექმნეს CRISPR-LNP სისტემა, რომელიც კიბოს უჯრედებს ცნობს და ანადგურებს. ექსპერიმენტი თაგვებში ჩატარდა. აღნიშნული სისტემით, მესენჯერული რნმ ჯდება კიბოს უჯრედის დნმ-ში და Cas9 ენზიმს წარმოქმნის, რომელსაც კიბოს უჯრედი თვითგანადგურებამდე მიჰყავს.

CRISPR სისტემის გამოყენებით მეცნიერებმა ორი ტიპის სიმსივნე – გლიობლასტომა და საკვერცხეების კიბო შეარჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა, მოსალოდნელია რომ მომავალში მსგავს კვლევებს ადამიანებზეც ვიხილავთ.

3 ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რომელიც გაიყიდება

21-ე საუკუნის მიწურულს დედამიწის მოსახლეობა სავარაუდოდ, 9 მილიარდს გადააჭარბებს. ბიომრავალფეროვნების შემცირების და რიგი გარემოებების გამო, საკვების წარმოება უფრო მეტ სირთულეს უკავშირდება.

2021 წელი ხელოვნური ხორცის მოხმარების მხრივ გარდამტეხი იქნება. პირველ რიგში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მისი დამზადება თანდათან უფრო იაფი დაჯდება და რაც მთავარია, იხვეწება მისი შექმნის მეთოდებიც. მოელიან, რომ ლაბორატორიაში შექმნილ ხორცის „ნამდვილისგან“ გარჩევა უკვე ძნელად შესაძლებელი იქნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ხორცის შექმნა სამომავლოდ მსოფლიოს შიმშილის დამარცხებაში დაეხმარება. გარდა ამისა, აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება ვეგეტარიანელებისთვის, რომელთა დიდი ნაწილიც ხორცს ეთიკური მოსაზრებებით არ ჭამს.

4 ისტორიაში პირველად, კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

ისტორიაში პირველად, კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს. კერძოდ, NASA-მ ​ილონ მასკის SpaceX-ს ასტრონავტების კოსმოსში გადაყვანის სერტიფიკატი გადასცა. SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხომალდში ასტრონავტები ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა. ეს იყო ერთგვარი კომერციული ფრენა, რასაც ამერიკული მედია "უდიდეს ნახტომს“ უწოდებს კოსმოსურ კაპიტალიზმში.

ამგვარად, SpaceX-ის Crew Dragon არის პირველი ხომალდი, რომელსაც NASA-ს სერტიფიკატი აქვს რეგულარული ფრენებისთვის ასტრონავტებთან ერთად.

5 მზეს ფოტოები ყველაზე ახლო მანძილიდან გადაუღეს

2020 წელს მზეს ფოტოები ყველაზე ახლო მანძილიდან გადაუღეს. აღნიშნული ევროპული კოსმოსური სადგურისა (ESA) და NASA-ს Solar Orbiter-ის მიერ განხორციელდა. Solar Orbiter ESA-სა და NASA-ს პროექტია, რომლის მიზანს მზის შესწავლა წარმოადგენს. ხომალდი 2020 წლის 9 თებერვალს გაუშვეს და იგი მზესთან ყველაზე ახლოს ივნისის შუა პერიოდში აღმოჩნდა.

"მზის ეს უპრეცედენტო გამოსახულებები ვარსკვლავისთვის ყველაზე ახლოს გადაღებული ფოტოებია. ეს საოცარი სურათები მეცნიერებს მზის ატმოსფეროს შესწავლაში დაეხმარება", აცხადებდნენ NASA-ში.

6 მეცნიერებმა ვენერაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს.

ვენერაზე სიცოცხლის ფორმები არ აღმოუჩენიათ, თუმცა დედამიწაზე ფოსფინს გამოყოფენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში ცხოვრობენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მსგავსი ბაქტერიული სიცოცხლის ფორმა, შესაძლოა, ვენერაზეც იყოს. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ფოსფინი ჰავაიში ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპით აღმოაჩინა და ჩილეში რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.

ფოსფინის მოლეკულა ფოსფორის ერთი ატომისა და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. ფოსფინის გაზი ადამიანისთვის უაღრესად ტოკსიკურია.

ფოსფინის კონცენტრაცია ვენერის ატმოსფეროში ძალიან დაბალია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფოსფინის წარმოქმნის არაბიოლოგიური პოტენციური წყაროებიც, ვულკანური აქტივობა, მეტეორიტები, ელვა და სხვადახვა ქიმიური რეაქციებიც, ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ ხსნის, ატმოსფეროში ფოსფინის არსებობას. ვენერაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ან ფოსფინის წარმოქმნის ალტერნატიული ახსნის დასადასტურებლად კვლევა გრძელდება.

7 მარსზე და ჯუჯა პლანეტა - ცერესზე მარილიანი წყალი აღმოაჩინეს​

მეცნიერებმა მარსზე და ჯუჯა პლანეტა - ცერესზე მარილიანი წყალი აღმოაჩინეს​. ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, ახალი ცნობები მოგვცეს წითელ პლანეტაზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძებნისათვის.

8 ხელოვნურმა ინტელექტმა ცილის სტრუქტურის მოდელირება ისწავლა

ლონდონში დაფუძნებულმა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია "DeepMind"-მა შექმნა ხელოვნური ნეირონული ქსელის, AlphaFold-ის ახალი ვერსია, რომელმაც ბიოლოგიის ბოლო 50 წლის ყველაზე რთული პრობლემა გადაჭრა. პროგრამამ, სახელად - AlphaFold ცილის სამგანზომილებიანი სტრუქტურის ზუსტი პროგნოზი უკიდურესად მცირე დროში შეძლო.

ცილები ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულები არიან და ყველა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობენ. ისინი ასრულებენ ფერმენტების ფუნქციას, მოქმედებენ როგორც ინფორმაციის გადამტანები, მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, წარმოადგენენ ორგანიზმის სტრუქტურულ საყრდენს, განაპირობებენ იმუნურ პასუხს და ასე შემდეგ. როგორ აკონტროლებს ინსულინი გლუკოზის დონეს სისხლში, როგორ მიაქვს ჰემოგლობინს ჟანგბადი ქსოვილებამდე და როგორ ებრძვიან ანტისხეულები ინფექციას – სამივე თანაბრადაა განსაზღვრული ცილების სტრუქტურის მიერ. როგორც წესი, სტრუქტურის აღმოჩენას წლების განმავლობაში საგულდაგულო და ხანგრძლივი ლაბორატორიული მუშაობა სჭირდება. ბიოლოგებისთვის ცილის ზუსტი ფორმის ამოცნობას ხშირად თვეები, წლები და ათწლეულებიც კი სჭირდება მაშინ, როცა AlphaFold-ს იმავეს გაკეთება რამდენიმე საათში ან წუთში შეუძლია. დამოუკიდებელმა მეცნიერებმა ეს უდიდეს გარღვევად შეაფასეს, რომელიც ბევრი დაავადების მექანიზმს გაგვაგებინებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს მოიტანს და გზას გაუკვალავს ეგრეთ წოდებულ "დიზაინერულ წამლებს."

9 ფიზიკოსებმა ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შექმნეს

ფიზიკოსები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ, აღმოეჩინათ მასალა, რომელიც დაუბრკოლებლად, წინაღობის გარეშე შეძლებდა ყოველდღიურ ტემპერატურებზე ელექტრობის გატარებას. 14 ოქტომბერს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევართა გუნდმა განაცხადა, რომ იპოვეს ზეგამტარი, რომელიც 14.4 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს. პირველი ზეგამტარები ელექტრულ წინაღობას მხოლოდ უკიდურესად ცივ, აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე კარგავდნენ. ახალაღმოჩენილი ნაერთი სამი ელემენტისგან შედგება: წყალბადი, გოგირდი და ნახშირბადი. ამ სამი ატომის გამოყენებით მეცნიერებმა შეცვალეს ელექტრული თვისებები ისე, რომ მიეღწიათ ზეგამტარობისთვის უფრო მაღალ ტემპერატურებზე.

ეს ნივთიერება ჯერჯერობით შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან, რადგან ზეგამტარობის უნარს მხოლოდ უზარმაზარი წნევის ქვეშ იძენს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ექსპერიმენტებში შეძლებენ მასალის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც ზეგამტარობას მაღალი წნევის გარეშეც შეინარჩუნებს.

10 პირველი ადამიანები დღევანდელი ციმბირის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ზღვით და არა ხმელეთით ჩავიდნენ

არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ მექსიკაში, ზაკატეკასის შორეულ გამოქვაბულში აღმოჩენილი ქვის იარაღები და ნივთები დაახლოებით 32 000 წლის იყო. ამ ახალმა მტკიცებულებებმა გააუქმა მოსაზრება, რომლის თანახმად, პირველი ადამიანები დღევანდელი ციმბირის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ბერინგის სახმელეთო ხიდის გავლით დაახლოებით 18 000 წლის წინ ჩავიდნენ. ბოლო გამყინვარების პერიოდში 32 000 წლის წინ ეს სახმელეთო ხიდი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აზიიდან წასულმა პირველმა ადამიანებმა ზღვა ნავებით გადაკვეთეს და ისე მოხვდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები