გერმანიიდან ვაკანსიები შემოვიდა: კანდიდატების შერჩევა დაიწყო

09-03-2021 09:15:07 ინტერვიუ

გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია ახალ ეტაპზე გადავიდა: გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო.

ვაკანსიები

როგორც „აქცენტს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განუცხადა, ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით, 300 ვაკანსიაა შემოსული. მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები გერმანიაში აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისსა და მეტწილად ივნისში დასაქმებას გულისხმობს. თუმცა სააგენტოში ვაკანსიებს კვლავ ელიან. თითოეული ვაკანსია 3 თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.

კანდიდატების შერჩევის პროცესი

როგორც ნინო ველთაური გვეუბნება, სპეციალურ პორტალზე დროებითი დასაქმება საზღვარგარეთ - workabroad.moh.gov.ge-ზე რეგისტრირებულ კანდიდატთა უმეტესი წილი დედაქალაქზე მოდის, მეორე პოზიციას ამ მიმართულებით აჭარის რეგიონი იკავებს, თუმცა ვინაიდან რეგიონებში მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სექტორში და ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ, აქცენტი პირველ ეტაპზე სწორედ რეგიონებზე გაკეთდა.

„როგორც არაერთგზის გვითქვამს, კანდიდატების შერჩევის პროცესი გარკვეულ ლოგიკას და პრინციპებს ეფუძნება. თავად სქემა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა, გერმანულ მხარესთანაა შეთანხმებული – უშუალოდ გერმანული მხარეა პროცესში ჩართული, ამიტომ ნეპოტიზმის შესაძლებლობას სრულებით გამოვრიცხავ. მესმის, რომ შესაძლოა, მოსახლეობაში ამ მხრივ იყოს გარკვეული შიშები, რადგან რეგისტრირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ვაკანსიებისას, ამიტომ, ჩვენ შემდეგი პრინციპი ავიღეთ – შემოსული ვაკანსიები თანაბრად უნდა გადავანაწილოთ რეგიონებზე“.

ნინო ველთაური ამბობს, რომ ვინაიდან აჭარის მკვიდრებს, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში სეზონურად მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ, რაც ერთ–ერთი წინაპირობაა ვაკანსიებზე დასაქმების, პირველ ეტაპზე სწორედ ამიტომ აჭარის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩნენ მოქალაქეები:

„თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები დავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, ჯგუფები დავაბალანსეთ სქესის მიხედვით, რათა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო წარმოდგენილი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩიეთ დაახლოებით, 450 კანდიდატი, რომლებსაც დავუგზავნეთ შეტყობინებები და აჭარის მუნიციპალიტეტებში ინდივიდუალურ გასაუბრებაზე და სააპლიკაციო ფორმების შესავსებად დავიბარეთ. ამ პროცესში ძალიან აქტიურად დაგვეხმარა აჭარის დასაქმების სააგენტო.

ინდივიდუალური კომუნიკაციისას გავაცანით კონკრეტული ვაკანსია, მის პირობები, ანაზღაურება, ხარჯები და თანხმობის შემდეგ შევავსეთ აპლიკაციები. ივსება ორი დოკუმენტი – განაცხადის ფორმა კონკრეტულ ვაკანსიაზე და სოციალური დაზღვევის ფორმა. ორივე ფორმა გერმანული მხარის მიერ არის მოწოდებული და მათი შევსება სავალდებულოა: დამსაქმებელს სჭირდება დოკუმენტები. სოციალური დაზღვევის ფორმის საფუძველზე ხდება იდენტიფიცირება, დასაქმებულს სოციალური დაზღვევის გადასახადი ეხება თუ არა“.

ნინო ველთაური ამბობს, რომ ამ დროისთვის 25 ვაკანსიაზე 80 აპლიკანტი ამოირჩა, შევსებული დოკუმენტები გერმანულ მხარეს გადაეგზავნა და ამ დროისთვის ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია:

„დამსაქმებლებმა სახელობითად უნდა წარმოგვიდგინონ შერჩეული ადამიანების სია, თუ ვისთან გააფორმებენ შრომით ხელშეკრულებას“.

აჭარის რეგიონის შემდეგ პროცესი ზემოაღნიშნული პრინციპით გურიის რეგიონში გაგრძელდება: „9–10 მარტის პერიოდში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები. შეტყობინებები გაგზავნილია 450 აპლიკანტთან, რომლებიც იგივე პრინციპით შეირჩნენ, როგორც ეს აჭარაში განხორციელდა. შემდეგ გვინდა, გადავინაცვლოთ ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონი მოვიცვათ“.

როდის გაემგზავრება პირველი ჯგუფი

ნინო ველთაური ამბობს, რომ საქართველოდან გერმანიაში პირველი ჯგუფი დაახლოებით, 1,2,3 აპრილის პერიოდში უნდა გაემგზავროს, თუმცა მიუხედავად პროცესის დაგეგმვისა, გერმანულ მხარესთან დოკუმენტების შესასწავლად გადაგზავნისა, დამსაქმებლებთან შესაბამისი პროცედურების გავლას და შემდეგ უკვე საქართველოში სამუშაო ნებართვებისა და ხელშეკრულებების გამოგზავნას გარკვეული დრო სჭირდება. ამდენად, პირველი ჯგუფის გამგზავრება შრომითი ხელშეკრულებების ქართული მხარისთვის გადმოცემაზეა დამოკიდებული.

„მოქალაქეებს დავეხმარებით, რომ თვითმფრინავის ბილეთები აიღონ და მაქსიმალურად ჯგუფურად მოხერხდეს მათი გამგზავრება. გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე ისინი უნდა დარეგისტრირდნენ გერმანიის ფედერაციის სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც კოვიდთან დაკავშირებული ახალი რეგულაციაა. გამგზავრებამდე 48 საათით ადრე ატვირთავენ პისიარ–ტესტის პასუხებს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ გამგზავრებას. გამგზავრებამდე ჩატარდება წასვლის წინასაორიენტაციო ტრენინგი და დასაქმებულებს ხელზე გადაეცემათ სამუშაო ნებართვები“.

არის საჭირო ხელმეორედ რეგისტრაცია, თუ პირველ ეტაპზე ვერ მოხვდით შერჩეულთა სიაში

როგორც „აქცენტთან“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რეგისტრაციის პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და თუ მოქალაქე დარეგისტრირდა, მაგრამ პირველ ეტაპზე ვერ მოხვდა შერჩეულ კანდიდატთა სიაში, ხელმეორედ რეგისტრაცია არ არის საჭირო, რადგან მათი კანდიდატურა ახალი ვაკანსიების შემთხვევაშიც განიხილება. აქ მთავარია, კანდიდატი მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

ხოლო თუ აპლიკანტმა საკუთარი მონაცემები არასწორად მიუთითა, ვთქვათ ნასამართლეობა, რაც შერჩევის პროცესში აპლიკანტს მომდევნო ეტაპზე გადასვლაში ხელს შეუშლის, მას აქვს შესაძლებლობა, დასაქმების სააგენტოს განცხადებით მიმართოს და განმარტოს დაშვებული შეცდომის თაობაზე:

„ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას, აქვთ თუ არა მოქალაქეებს დარღვევები შენგენის ზონაში, მათ შორის – უვიზო მიმოსვლის წესების. ინფორმაციის დამალვა უშედეგოა, რადგან მონაცემებს გერმანული მხარე ზედმიწევნით შეამოწმებს. ამასთან, აბსოლუტურად უშედეგოა განზრახვა იმის თაობაზე, რომ მოქალაქემ ეს შესაძლებლობა გერმანიაში იმაზე მეტი დროით დარჩენისთვის გამოიყენოს, ვიდრე ამის უფლებას თავად ხელშეკრულება იძლევა. ეს ცალსახად წარუმატებელი ჩანაფიქრი იქნება: გერმანული მხარე აბსოლუტურ მზადყოფნაშია, ყველა მონაცემი აქვს, ადვილია მოქალაქის იდენტიფიცირება და ეს მოქალაქე აუცილებლად დაექვემდებარება დეპორტაციას და შესაბამისი ჯარიმაც დაეკისრება, გაღებული ხარჯი კი ხარჯად დარჩება.

ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანიც ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, ამ სქემის წარმატებულად ამუშავება ჩვენი საზოგადოების კეთილსინდისიერ ქცევაზეც არის დამოკიდებული. ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს მომავალი, მათ შორის – განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა, თუ ის წარმატებული იქნება. წელს ორივე მხარისთვის საპილოტე რეჟიმია და რაც შეიძლება მეტი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევები გვინდა, გვქონდეს“.

ახალი აქტუალური კითხვები: ორმაგი დაბეგვრა და სოციალური დახმარება

ნინო ველთაური განმარტავს, რომ ორმაგი დაბეგვრა [გერმანიაში 5% და ასევე საქართველოში] არ მოხდება. რაც შეეხება სოციალური დახმარების შესაძლო მოხსნას, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, დროებითი დასაქმების სქემაში ჩართვა არ გახდება საფუძველი სოციალური დახმარების მოხსნის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები