აშშ–ის გენშტაბის უფროსის თქმით, არსებობს რისკი, რომ დესტაბილიაზაცია ღაზას ფარგლებს გასცდეს

18-05-2021 16:20:00

აშშ–ის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას იერიშების გაგრძელების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ დესტაბილიაზაცია ღაზას ფარგლებს გასცდეს.

მისი თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებები ერთის მხრივ, თავდაცვის მიზნით ხდება, მაგრამ მიმდინარე სამხედრო ინტენსივობა პოტენციური გართულებების რისკს ზრდის, რაც „არავის ინტერესებშია“.

"ჩემი შეფასებით, თუ ბრძოლა გაგრძელდება, უფრო ფართო დესტაბილიზაციისა და მთელი რიგი უარყოფითი შედეგების რისკი არსებობს. ასე რომ, დეესკალაცია ახლა ყველაზე ჭკვიანური გამოსავალია", – განაცხადა გენერალმა.

კითხვაზე, დგას თუ არა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმების საფრთხე, გენშტაბის უფროსმა შემდეგი განაცხადა:

"შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს".

ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.

9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები