კობახიძე ოპოზიციას პირობას უყენებს

01-12-2021 22:44:37 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც, მათ შორის საარჩევნო ბარიერის შემცირებასაც ითვალისწინებს ერთგვარ პირობას უყენებს. კერძდ, კობახიძის თქმით, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის ქმედებებზე.

"საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქედან გამომდინარე თუ რაიმე ცვლილება იქნება მიღებული, იქნება მიღებული ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე.

მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიული სისტემის განვითარების ინტერესი, დარჩება 5%, ამოქმედდება 2% თუ გადაწყდება 3%-იანი - ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, თუ რა ჩაითვლება მიზანშეწონილად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამ მოკლევადიანი პერსპექტივისთვის. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე და ამ სუბიექტებში, პირველ რიგში იგულისხმება ოპოზიციური პარტიები. განსაკუთებით საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც დღეს კვლავ ხელს უწყობენ პოლარიზაციას პარლამენტს გარეთ თუ შიგნით. როდესაც გვესმის პოლარიზაციის ხელშემწყობი საუბარი და ვხედავთ პოლარიზაციის ხელშემწყობ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია ასეთი ინიციატივის განხილვაზე და რატომ - თავისთავად შემცირებული ბარიერი არის ხელშემწყობი ფაქტორი ნაკლები სტაბილურობისთვის, თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

კობახიძემ ოპოზიციას ერთგვარი სამოქმედო გეგმაც შესთავაზა:

"საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტიები დასხდნენ პარლამენტში და მათ უნდა აჩვენონ განგრძობითად რაღაც რაციონალური პერიოდის განმავლობაში, რომ მათ სურთ, ჩაერთონ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება. მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე, როგორი მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ უნდა ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში და დავუკვირდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათი მესიჯი იყო, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - "დიდი ბოდიში!" - არის ჩვენი პასუხი ამაზე".

შარლ მიშელის მედიაციით პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას. მმართველმა გუნდმა შეთანხმება ანულირებულად გმოაცხადა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოლიტიკური დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ შესაძლოა გადაიხედოს პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო პროექტი. ასეთი განზრახვა კიდევ უფრო რეალური გახდა ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ახალი განცხადებების ფონზე. კობახიძემ კერძოდ, თქვა, რომ: საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციისთვის გაკეთებულ „პატარა საჩუქრად“ მიიჩნევს და ჩუქება დამოკიდებული იქნება „სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე“ და მმართველი პარტიის „კეთილ ნებაზე“; გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის მიერ სურვილის ჩვენებაზე, რომ „პოლარიზებული გარემო შეიცვალოს“; ეს ცვლილებები, თუკი საერთოდ დაამტკიცებენ, „უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები