02-12-2021 15:44:35 კონფლიქტები
«მოგვიწევს, ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი დავთმოთ» - ეს ფრაზა კონტექსტში «ჩვენი სამყარო რუსეთის ფედერაციასთან ერთადაა» აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 22 ნოემბერს სამეცნიერო და შემოქმედებით ინტელიგენციასთან შეხვედრაზე წარმოთქვა. მეტიც, მან დაადასტურა, რომ «არსობრივად, აფხაზეთმა რუსეთს თავისი სუვერენიტეტი უკვე დიდი ხანია, გაუნაწილა». «[…] საგარეო პოლიტიკის საკითხები, რუბლის ზონა… თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც გაკეთდა უკვე რაღაც და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ… მე ამაში მხოლოდ პლუსებს ვხედავ, რადგან ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა, უბრალოდ ვერ გავწვდებით თანამედროვე შეიარაღებული ძალების შენახვას […]», - განაცხადა ბჟანიამ.
აფხაზური საზოგადოებისთვის პრეზიდენტის ეს გზავნილი მიუღებელია. ერთია დიდ მზობელ რუსეთთან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ სულ სხვა რამ — აფხაზეთის შთანთქმა მის სრულ დამოუკიდებლობაზე უარის თქმით.
«თქვენი განცხადებით იმის შესახებ, რომ სუვერენიტეტის დათმობაში ტრაგედიას ვერ ხედავთ, აფხაზი ხალხის წინაშე საკუთარი მორალურ-ინტელექტუალური უმწიფრობისა და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის დემონსტრირება მოახდინეთ, რომლებიც საფრთხის შემცველია ეროვნული და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის», - წერს სოცქსელ Facebook-ში აფხაზი ანალიტიკოსი ანატოლი ოტირბა.
«სუვერენიტეტის რა «განაწილებაზე» შეიძლება, საერთოდ მიდიოდეს დღეს საუბარი?! პრეზიდენტი სერიოზულად თვლის, რომ ეს შესაძლებელია? აქ უკვე ჩვენი ქვეყნისა და თავად ჩვენს გაყიდვაზე გვიწევს საუბარი! მსგავსი გარიგება სარფიანია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მისი განხორციელებისთვის მზადყოფნა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ფეხებზე ჰკიდია მას ქვეყანა და ხალხი», - განაცხადა «აფხაზეთის ხალხის 1992-93 წ.წ. სამამულო ომის ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ».
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები, არსობრივად, არასოდეს ყოფილა პარტნიორული. ჩვენი ქვეყნის მმართველები მუდმივად დადიოდნენ რუსეთში გაწვდილი ხელით და მორიგი მილიონიანი ტრანშის სანაცვლოდ, რომლის უდიდესი ნაწილი მათივე ჯიბეებში ილექებოდა, მორიგ რუს ჩინოსმენბს აფხაზეთის ულამაზეს ადგილებს სჩუქნიდნენ. გაგრის რაიონში, ბიჭვინთაში მიწა აღარ დარჩა, რომელიც ყოფილი ჩინოსნებისთვის არ იყოს გადაცემული. გარდა ამისა, აფხაზეთი პენსიების, ხელფასებისა და სხვადასხვაგვარი დოტაციების სანაცვლოდ თვალს ხუჭავდა რუსი სამხედროების კონტინგენტის პერმანენტულ ზრდაზე. ახლა ისინი იმ რაოდენობით გვყავს, რომ თუ კრემლს დასჭირდა, ყველას სახლებში გამოგვკეტავს, და ეს — საუკეთესო შემთხვევაში, თორემ არსებობს უარესი სცენარიც — სადმე რუსეთის პერიფერიებში გადაგვასახლონ, მით უფრო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას უკვე დიდი ხანია, უდევს სხვამხრივ ცარიელ ჯიბეებში წითელყდიანი რუსული პასპორტი.
«ბჟანიას მოსკოვი აწვება და სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. მისი მდგომარეობა არაა შესაშური. არ ვიცი, რატომ ვერ აცნობიერებენ ამას ჩვენი თანამემამულეები», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ფატიმა. ქალის აზრით, ასლან ბჟანიას შემოთავაზება «ერთადერთი მისაღები ვარიანტია აფხაზეთისთვის — წინააღმდეგ შემთხვევაში უარესი მოხდება“.
ვითარება მართლაც მძიმეა. თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში, რუსეთთან განსაკუთრებული, «მეგობრული» ურთიერთობების დაწყების მომენტიდან ის სხვაგვარი არც ყოფილა. ეთანხმებოდნენ რა რუსების ნებისმიერ შემოთავაზებას, აწერდნენ რა ხელს სხვადასხვა შეთანხმებებს, იღებდნენ რა შესაბამის ვალდებულებებს, აფხაზეთის პრეზიდენტები ვერც ამჩნევდნენ, როგორ გადაიქცა ჩვენი ქვეყანა კოლონიალურ დასახლებად — დამოკიდებულ ტერიტორიად, რომელიც უცხო ქვეყნის მმართველობის ქვეშაა, არ გააჩნია საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ხელისუფლება და განსაკუთრებული რეჟიმის საფუძველზე იმართება. ახლა იმ ვალების დაფარვის დრო დადგა, რომლითაც მხოლოდ მმართველები და მათი საახლობლო მდიდრდებოდნენ. მათი სისუსტისთვის, სიმხდალისა და სიხარბისთვის ფასის გადახდა მთელს აფხაზ ხალხს მოუწევს. და საკითხის ფასი სუვერენიტეტია, რომელიც მოგვიწევს, თვითგადარჩენისთვის დავთმოთ.
თუმცა საქმე ისე მარტივად არაა, როგორც პრეზიდენტს შეიძლება, ეგონოს. ხალხისთვის, მისი ყოფის ყოველდღიური დამძიმების მიუხედავად, მსგავსი პერსპექტივა მიუღებელია. და გასაგები ხდება, რომ «სტრატეგიული პარტნიორისა» და «დიდი მეგობრის» ნების უბრძოლველად აღსრულებას არავინ აპირებს.
«გამოდის, უნდა დავივიწყოთ წინაპრები, დაღვრილი სისხლი, დაღუპულები?! ეს არ მოხდება! თუ ბჟანია ამ საუბრებს არ შეწყვეტს, აფხაზი ხალხის ხმას მთელი მსოფლიო გაიგებს. რუსეთს კი ეს ამ მომენტში არაფერში სჭირდება. არ გამოუვა მოსკოვს, დაღუპოს ყველა აფხაზი, რომელიც მსგავს ცინიკურ შთანთქმას ეწინააღმდეგება», - დარწმუნებულია ჩვენი რესპონდენტი ალხასი.
«ცხადია, ინტეგრაციის შემთხვევაში სუვერენიტეტის ნაწილობრივი დათმობა მოგვიწევს. მაგრამ სუვერენული სახელმწიფო შეიძლება, თავისი სუვერენიტეტის ნაწილს არა სხვა სახელმწიფოში შესვლის, არამედ რაიმე რეგიონულ, საერთაშორისო სტრუქტურაში, მაგალითად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებისთვის თმობდეს. ჩვენ კი რატომღაც მასში თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით მიღების ამოცანას არ ვისახავთ», - წერს თავის Facebook-გვერდზე იგივე ანატოლი ოტირბა.
და სწორედ აქაა ძაღლის თავი ჩამარხული. რუსეთი არასოდეს შესთავაზებს აფხაზეთს არაფერს, შერწყმის გარდა. იმისთვის კი არ გვიგდებდა გამხმარ პურს, რომ თანასწორუფლებიან სრულფასოვან პარტნიორად ვექციეთ.
მთელს ამ სკანდალში არ მასვენებს ერთი კითხვა. როცა ვწერდი, რომ სწორედ ასე მოხდებოდა, რომ რუსები აფხაზეთს მიწებს ართმევდნენ, რომ უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგში შეიძლებოდა, ყოფილიყო და ჩვენც სულ უფრო ღრმად ვყლაპავდით სატყუარას, აფხაზური საზოგადოების ნაწილი არ იჯერებდა და «თავხედურ ტყუილად» მითვლიდა. სხვადასხვა ექსპერტები ჩემი გაფრთხილებების განხილვისას წერდნენ, რომ აფხაზეთში «ყველას უყვარს რუსეთი და არავითარი ანტირუსული განწყობები არ არის». ახლაც ასე ფიქრობენ, საინტერესოა?
ახლა — მთავარი: რა ემუქრება აფხაზეთს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ნათელია, რომ რუსეთი ჩვენს დასასჯელად ჩაკეტავს საზღვრებს, გაზრდის რესპუბლიკაში ბაზირებული სამხედროების უფლებამოსილებებს, მაღალი ალბათობით, სრულად შეწყვეტს ფინანსურ ნაკადებს, ჩაგვიხერგავს გარე სამყაროსთან ყოველგვარ კავშირს, მერე კი ჩამოჯდება და დაელოდება, როდის ამოვხოცავთ თავად აფხაზები ერთმანეთს. გადარჩენილებთან შეთანხმება ხომ გაცილებით ადვილი იქნება.
ასე, რომ, თანამემამულენო, გვიდგება მძიმე ჟამი - პერიოდი, რომელთან შედარებითაც 1993 წელი სამოთხედ მოგვეჩვენება. ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული აფხაზეთის მომავალი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამხედრო დერჟავამ აღმართა ხმალი.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება