რას უკავშირებს ეროვნული ბანკი არსებულ რეკორდულად მაღალ ინფლაციას

08-12-2021 12:29:02 საზოგადოება ,ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ინფლაციის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. კერძოდ, მიუთიებს, რომ არსებულ 12.5%-იან ინფლაციაში საგარეო ფაქტორებზე 9 პროცენტული პუნქტი მოდის.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ სებ–ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, თუმცა ამჟამად არსებული მაღალი ინფლაციის გამო, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის დამატებით გაზრდა გადაწყვიტა და ის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა.

"პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს," - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები