ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კრემლის ქმედებებს რუსეთში „აქცენტზე“  წვდომის შეზღუდვაზე

10-04-2022 16:28:51 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კრემლის გადაწყვეტილებას რუსეთში „აქცენტზე“ წვდომის შეზღუდვაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის განცხადებით, „კრემლი ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე, მედიის თავისუფლებასა და ჭეშმარიტებაზე სრული თავდასხმითაა დაკავებული, რათა შეცდომაში შეიყვანოს და ჩაახშოს სასტიკი შეჭრის რეალობა“.

„შეერთებული შტატები გმობს კრემლის ქმედებებს, ხელი შეუშალოს რუსი ხალხის წვდომას საერთაშორისო საინფორმაციო საიტებზე.

რუსეთის მთავრობა ასევე ახშობს Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებს, რომლებსაც რუსეთის ათობით მილიონი მოქალაქე ეყრდნობა დამოუკიდებელი ინფორმაციისა და მოსაზრებებზე წვდომისთვის, ასევე ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად.

ეს ნაწილობრივი ბლოკირება კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებს, თუ სად და როგორ შეუძლიათ ნახონ და გააზიარონ მტკიცებულებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის ჭეშმარიტების შესახებ” - განუცხადა „აქცენტს“ პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, „როსკომნადზორი“ დაემუქრა სხვა ონლაინ პლატფორმებსაც დაბლოკვით, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნას პუტინის ომის გაშუქებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

„რუსეთის ხალხი იმსახურებს ჭეშმარიტებაზე წვდომას. მათ აქვთ უფლება იცოდნენ მსხვერპლის, ტანჯვისა და ნგრევის შესახებ, რომელსაც მათი მთავრობა აყენებს უკრაინელ ხალხს.

მოვუწოდებთ პუტინს და მის მთავრობას, პატივი სცენ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს სისხლისღვრა, გაიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცენ საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს” - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო “აქცენტმა” მიიღო “როსკომნადზორის” შეტყობინება “ინფორმაციის გავრცელების წესის დარღვევის” შესახებ, რომელიც, როგორც თანდართულ განმარტებაშია მითითებული, ეფუძნება რუსეთის გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის 28.03.2022 წლის № 27-31-2022/Ид4014-22 მოთხოვნას “საინფორმაციო რესურსებთან წვდომის შემზღუდავი ზომების თაობაზე”.

“ჰოსტინგის პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელიც აღნიშნული საინფორმაციო რესურსის ქსელ “ინტერნეტში” განთავსებას უზრუნველყოფს, ვალდებულია: 1) ამ შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინოს საინფორმაციო რესურსის მფლობელის ინფორმირება კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის აუცილებლობის შესახებ; 2) შეტყობინების მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში შეზღუდოს საინფორმაციო რესურსზე წვდომა მფლობელისგან უარის მიღების ან მისი უმოქმედობის შემთხვევაში.

“კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის ტიპად” შეტყობინებაში მითითებულია “ცრუ ინფორმაცია ტერორიზმის აქტების შესახებ ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სხვა ტიპის ინფორმაცია, გავრცელებული სანდო ინფორმაციის საფარქვეშ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ქონებას, ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, ან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სატრანსპორტო ან სოციალური ინფრასტრუქტურის, საკრედიტო ორგანიზაციების, ენერგეტიკის, მრეწველობისა და ა.შ. ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს.

“კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის” აღწერაში კი მითითებულია: “საინფორმაციო მასალები, რომლებიც შეიცავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან არასანდო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის, საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფორმის, ცოცხალი ძალის დანაკარგებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის თაობაზე. მსგავსმა პუბლიკაციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია, ასევე ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევისთვის პირობების შექმნას.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსული მხარის მოთხოვნა სრულად მოკლებულია იურიდიულ ძალას და საქართველოში არავის აქვს ვალდებულება მათ ასეთ მოთხოვნას დაემორჩილოს.

„რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა და იურისდიქცია სხვა ქვეყნებზე პირდაპირ ვალდებულებად არ ვრცელდება. მით უმეტეს ტელე-კომუნიკაციის რეგულირების საკითხებში. რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, თვლიდეს, რომ მის ტერიტორიაზე ამა-თუ იმ შინაარსის ინფორმაცია არ გავრცელდეს, თუმცა მათი მოთხოვნა საქართველოში არსებულმა ოპერატორებმა სხვა სუბიექტებმა უარი თქვან მათთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებაზე ან/და წაშალონ უკვე გავრცელებული ინფორმაცია, სრულად მოკლებულია იურიდიულ ძალას და საქართველოში არავის აქვს ვალდებულება მათ ასეთ მოთხოვნას დაემორჩილოს“ - განუცხადა „აქცენტს“ მარიკაშვილმა.

სააგენტო "აქცენტისთვის", როგორც პასუხისმგებლობიანი მედია-საშუალებისთვის, მკითხველის ნდობა ყველაზე ღირებულია. ამ აქტივის მოპოვებას და შენარჩუნებას უმაღლესი სარედაქციო და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი მასალით ვახდენთ.

ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ჩვენი მკითხველის, კოლეგებისა და საზოგადოების წინაშე, რადგან მათი ნდობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ისეთი ცენზორული უწყების მითითებებს, როგორიც რუსეთის სახელმწიფო მედიამონიტორინგის სააგენტო „როსკომნადზორია“.

დიდი პატივია, არ მოსწონდეთ ჩვენი საქმიანობა მათ, ვის მიერაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულადაა ნიველირებული.

რას ავალდებულებს „როსკომნადზორი“ მედიას

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო სათათბირომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ „მცდარი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო. „როსკომნადზორმა“ კი მედია დაავალდებულა, მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ცნობები გააზიაროს. ამასთანავე, მან აკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას სიტყვა „ომის“ გამოყენება. ამის შემდეგ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთში 750-ზე მეტი რესურსი დაიბლოკა, უპირველესად - დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. ქვეყანაში ასევე შეზღუდულია Facebook-ის, Instagram-ის, Google News-ისა და Twitter-ის მუშაობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები