კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ ვრცელდება და ვინ შეიძლება, იყოს დაცული „მაიმუნის ყვავილისგან“

31-05-2022 12:04:32 საზოგადოება

ალერგოლოგი, იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ ვრცელდება "მაიმუნის ყვავილი".

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, "მაიმუნის ყვავილი" ენდემური დაავადებაა, რომელიც არაინფიცირებულ პირს გადაეცემა ინფიცირებულთან 3 საათზე მეტი დროის განმავლობაში 2 მეტრზე ახლო კონტაქტისას.

"მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული, ეს ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ – 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მამაკაცებში, ძირითადად არის კანით კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული. ცხოველებთან კონტაქტის [თუ დაავადებული ცხოველი, მღრღნელები და მაიმუნები ადამიანს თავს დაესხმება ან სახლში ყოფნისას გაკაწრავს ან დაკბენს მაშინ ემართებოდათ ვირუსი] ან აფრიკული მოგზაურობის ისტორია ერცერთ მათგანს არ აქვს. ეს არის ჯერ–ჯერობით, რაც ეპიდემიოლოგიურად გაურკვევლობას ტოვებს და გარკვეული მოლოდინების წინაშე გვაყენებს.

"მაიმუნის ყვავილით" ინფიცირებულ ადამიანთან აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ პირი დავინფიცირდეს. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება. 99%-იანი ალბათობით, მას დიდი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა განსაკუთრებით ორსულებისთვის, 8 წლამდე ბავშვებისთვის , იმუნოკომპრომიტირებული ხალხისთვის, მზაობა უნდა გვქონდეს“,- აცხადებს კულუმბეგოვი.

ვინ შეიძლება, იყოს დაცული „მაიმუნის ყვავილისგან“

კულუმბეგოვის თქმით, ყვავილის ვაქცინით 1979 წლამდე აცრილი იყო თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, ეს ადამიანები კი, დიდი ალბათობით, დაცული არიან „მაიმუნის ყვავილისგან.“

როგორც მან განმარტა, დღესდღეობით არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც 2019 და 2021 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ არის ნებადართული გამოყენებისთვის ყვავილის წინააღმდეგ და მას აქვს იგივე მოქმედების მექანიზმი, დაცულობის და განკურნების ხარისხი „მაიმუნის ყვავილზეც“.

"როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია", – აცხადებს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არც შესაბამისი ვაქცინაა და არც ანტივირუსული პრეპარატები, თუმცა დარწმუნებულია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე გააკეთა შესაბამისი განაცხადი და სამომავლოდ ვაქცინა და წამალი ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება.

ამასთან, მან მოსახლეობა გააფრთხილა.

კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს თუ გამოუვლინდებათ ჩუტყვავილას მაგვარი გამონაყარი, (ბავშვებში, მოზრდილებში), შეავსონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური ფორმა, რომლის შესახებაც ინფორმირებულია სამედიცინო პერსონალი. ლუგარის ლაბორატორია კი გამოიკვლევს, ჩუტყვავილასთან გვაქვს საქმე თუ „მაიმუნის ყვავილთან.“

როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები