ჩეჩნეთში საქართველოსკენ გზის მშენებლობის აუცილებლობაზე კვლავ ალაპარაკდნენ

28-11-2022 11:12:21 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის (რუსეთი) სახელმწიფო მედია საქართვლოსკენ გზის მშენებლობის აგიტაციას შეუდგა. სახელმწიფო სააგენტო "Грозный-информ" წერს, რომ "ახალი მაგისტრალი ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ამასთანავე, რეგიონში ტურისტული ნაკადის გაზრდას".

"ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას მნიშვნელოვანი სამომავლო პერსპექტივა აქვს. მას შეუძლია, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკასთან სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბება, საქართველოს ჩეჩნურ დიასპორასთან ურთერთობების განმტკიცება-გაფართოება და ამასთანავე, იმ დროის ეკონომია, რომელიც სჭირდება ორ მეზობელ რეგიონს შორის მანძილის დაფარვას", – განუცხადა სააგენტოს იტუმ-ყალეს რაიონის ხელმძღვანელმა იბრაგიმ ბურსაგოვმა.

"Грозный-информ"-ის კიდევ ერთი რესპონდენტი - რუსი ექსპერტი ევგენი ზოლკინი კი ამბობს, რომ ეს გზა "რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გააუმჯობესებს, ლოჯისტიკური ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას შექმნის და შეამცირებს როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიაში ტვირთების მიწოდების დროს" (ციტატაში სტილი დაცულია).

"იტუმ-ყალე-შატილის საავტომობილო გზა დაეხმარება როგორც რეგიონს, ისე მთლიანად რუსეთს, მძლავრ იმპულსს შესძენს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. საბოლოო გადაწყვეტილება მისი რეკონსტრუქციისა და ამოქმედების შესახებ რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს შორის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული", – დასძინა მან.

თავის მხრივ "Грозный-информ" შეახსენებს მკითხველს, რომ პროექტის რეალიზებას წარსულში უკვე დაუჭირეს მხარი ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

მარტში ხსენებული გზის მშენებლობის საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს გროზნოში გამართულ სხდომაზეც განიხილეს. საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რამზან კადიროვთან ერთად "უცხო ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად" მის "სტრატეგიულ მნიშვნელობას" გაუსვა ხაზი.

თბილისში კი წარსულში არაერთგზის განუცხადებიათ, რომ ამ გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარისათვის არასოდეს მდგარა დღის წესრიგში. მარტშივე ეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში, რომლის მტკიცებით, ინფორმაცია თბილისის მიერ გზის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

იტუმ-ყალე-შატილის 45 კმ-იანი გზა 1990-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. ომის დროს იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა დაბომბვებისაგან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები