რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს ყვარლის ბიუჯეტი აფინანსებს

23-03-2023 17:09:22 საზოგადოება

ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ფეისბუქგვერდზე ამჟამად უკვე აღარ იძებნება განცხადება, რომელითაც რუსული ენის უფასოდ შესწავლის მსურველებს იწვევდნენ. თუმცა ჯგუფი შემდგარია და სასწავლო პროცესიც მიმდინაროებს. რუსული ენის სწავლებას კვირაში 2 დღე, დღეში საათნახევარი ეთმობა.

“ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი", საგანმანათლებლო პროგრამის "გაიღრმავე ცოდნა" ფარგლებში მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თხოვნით ამატებს კიდევ ერთ უცხო ენას. ცხადდება რუსული ენის შესწავლის მსურველების რეგისტრაცია 7-16 წლამდე ასაკის პირებისთვის“ - ეს განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ა(ა)იპიმ ფეისბუკში თებერვალში გამოაქვეყნა. ა(ა)იპის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, რუსული ენის შემსწავლელთათვის კურსი უფასოა.

“ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა, თუმცა მსურველი მეტია.

„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას რასაც სკოლაში ვერ იგებენ... უფროსებიც მოდიან, ჩვენც გვინდა სწავლაო, მაგრამ მათ არ ვიღებთ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური, ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი... პროექტი როგორ, გამგებელი დამეხმარა, აბა მე როგორ გავაკეთებდი ისე თუ რაიონი არ დამეხმარა ხომ? ერთ პატარა ოთახში სწავლობს 300 ბავშვი საათების მიხედვით“,- ამბობს მაია ზარდიაშვილი და ამატებს, რომ ცენტრში ინგლისურისა და გერმანულის უფასო კურსებზეც ამდენივე მოსწავლე სწავლობს.

ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელს ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსდებოდეს, იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული.

„რას ნიშნავს ჩვენი გადახდილი გადასახადებით რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსება? რას ნიშნავს საზოგადოების მრავალრიცხოვანი მოთხოვნა? მე მაქვს კითხვები, ვის ინტერესებში შედი რუსული ენის და კულტურის პოპულარიზაცია. ამ ამბავს ჩვენს აუცილებლად მოვიკვლევთ. როცა რუსეთის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ასეთი რამ წარმოუდგენელია“ - თქვა გურინმა.

კრიტიკის პასუხად ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი ამბობს: „თუ თქვენ მტრების ენად თვლით რუსულს, მტრების ენა უფრო უნდა იცოდნენ ჩვენმა ბავშვებმა... ყველაზე მაგარია რომ მტრის ენა ვიცოდეთ!“

2020 წელს, რუსული ანბანის პოპულარიზაციაში დაადანაშაულა ადგილობრივების ნაწილმა, ლაგოდეხის მერიაც, მას შემდეგ რაც ქალაქში რუსული ანბანით გაფორმებული საბავშვო ატრაქციონი დაიდგა. მაშინ სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ, რომ ატრაქციონი გადაღებილიყო და რუსულის ნაცვლად, ქართული ანბანი განთავსებულიყო, თუმცა მერიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და დღემდე, საბავშვო მოედანზე განთავსებულ ატრაქციონზე კვლავ რუსული ასოებია გამოსახული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები