ავიაციის ექსპერტი: "Red Wings", რომელსაც საქართველო ფრენების უფლებას მისცეს, სანქცირებული რუსული "როსტეხის" მფლობელობაშია

24-05-2023 10:34:35 პოლიტიკა

ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ რუსული კომპანია "Red Wings", რომელსაც ავიაციის სამოქალაქო სააგენტომ საქართველო ფრენების უფლებას მისცა, სანქცირებული რუსული "როსტეხის" მფლობელობაშია.

"როგორც ჩვენ გვითხრეს ეს იყო რუსეთის მხრიდან მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებისგან ქართული მხარე რაიმე სასიკეთოს ეკონომიკური ან სხვა კუთხით არ უნდა ელოდოს. ჩვენ ვნახეთ პირველი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ესაა "Azimuth Airlines". იმ შემოწმებამ, რომელიც ამ კომპანიამ საავიაციო სააგენტოში გაიარა, ცხადყო რომ ეს კომპანია და მისი მფლობელი სანქციების ქვეშ არ ყოფილა და შვებით ამოვისუნთქეთ რომ მისი შემოშვება შესაძლებელია. აღარ ვლაპარაკობ იმ გამოწვევებზე, რაც მათ საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას უკავშირდება. ამის შემდეგ მეორე ნებართვამ არ დააყოვნა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ის კიდევ ერთხ რუსულ კომპანია "Red Wings"–ზე გასცა. "Red Wings" ისეთი სანქცირებული რუსული კომპანიის მფლობელობაშია, როგორიცაა "როსტეხი". მისი ერთ–ერთი მფლობელიც ბატონი ჩნეზოვი "კაგებეს" ყოფილი აგენტი ასევე აფილირებულია ამ კომპანიასთან და ამ შემთხვევაში ირღვევა ის პირობა, რომლის თანახმად, არც ერთი სანქცირებული კომპანია საქართველოში არ იფრენს", – განაცხადა მა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

იგი არ გამორიცხავს, რომ სანქციების სამიზნე არათუ ქართული კომპანიები, არამედ საქართველოს აეროპორტებიც გახდეს:

"სანქციების მიზანი არის, რომ არ მისცეს რუსეთს დამატებითი წყაროების მიღების საშუალება, რომელიც შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ხმარდება. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშნდელი განცხადება ალბათ, ბოლო გაფრთხილებაა. ეს გულისხმობს, რომ თუ არ აღიკვეთება რუსული კომპანიების ყოველგვარი შემოწმებისა და გათვლების გარეშე საქართველოში შემოშვება და ასევე ქართული კომპანიებიც თუ არ გადაიფიქრებენ რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას, ისინი [აშშ] განახორციელებენ სასანქციო პროცედურებს საქართველოს იურიდიული პირების, ავიაკომპანიების მიმართ და აეროპორტების მიმართაც ექნებათ ალბათ, მითითება როგორც მინიმუმ, თუ არა სანქცირების წესით, რომ რუსულ სანქცირებულ ავიაკომპანიებს არ მოემსახურონ. იქნება მითითება ყველა დასავლური ავიაკომპანიის მიმართ, რომ არ ისარგებლონ იმ აეროპორტების სერვისებით, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს ემსახურებიან".

ამასთან, იგი განმარტავს, რატომ არ შეიძლება თურქეთისა და ისრაელის მაგალითის შედარება საქართველოსთან:

"რუსეთ –თურქეთსა და რუსეთ– ისრაელს შორის ფრენები სრულდება, რადგან ჰუმანიტარული ტიპის შესაძლებლობები დატოვეს ამ ორ ქვეყანაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამასაც აქვს დროებითი ხასიათი. მე ვიტყოდი, რომ ეს შედარება ჩვენი ქვეყნისთვის არ არის რელევანტური იმიტომ, რომ ჩვენ უშუალოდ ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, როდესაც პირდაპირ აისახება ეს საომარი ვითარება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე".

მისი თქმით, საქართველომ არ უნდა უგულებელყოს ის სტრატეგია, რაც მიმართულია სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდროდ თანამშრომლობასა და ევროკავშირს ოჯახის წევრობაზე:

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაცია, რაზეც უკვე დიდი ხანია, ღიად აცხადებენ, როგორც ჩვენი ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები".

შეგახსენებთ, რომ რუსეთ –საქართველოს შორის ფრენები 19 მაისიდან აღდგა. აღნიშნულის შემდეგ პარტნიორებმა საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ არც ერთი სანქცირებული რუსული კომპანია და ბორტი ქვეყანაში არ იფრენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები