26-07-2023 11:38:52 პოლიტიკა
დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ რაჭის ტყეების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკითხზე არაერთი სამართლებრივი დავაა დაწყებული, თუმცა "არც ერთი საქმე წინ არ წასულა, რადგან რუსი ბიზნესმენი ხელშეუხებელია".
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მიწების, ტყეების, იქაური მოქალაქეების, საუკუნეების განმავლობაში იქ მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების ხარჯზე, ეს არის მტრობა და ღალატი", - აცხადებს თამარ კორძაია.
მისი თქმით, ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო, მთელი რაჭის ტერიტორია 1 კვადრატულ მეტრში 45 დოლარად აეღო და დაეცვა თავისი ეკოსისტემებით, მაგრამ ხელისუფლებამ ხიდაშელს 11 ლარად გადასცა იგივე მიწები.
დეპუტატები ამბობენ, რომ მიწის გადაცემის დროს უსაფრთხოების საკითხი არ შესწავლილა, არ მომხდარა მოსახლეობის ინფორმირება, მათი საკუთრების უფლებების გათვალისწინება ლიცენზიის გაცემისას, ასევე, არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები.
"სახელმწიფო არ გვაძლევს და არ იძლევა ზუსტ კოორდინატებს, რაჭაში, დავით ხიდაშელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე საზღვარი სად გადის", – აცხადებს კორძაია.
ცნობისთვის: სახელმწიფომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში 1 151 832 ლარად გადასცა. ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტს განკარგავს და ამ მხრივ ქვეყანაში უმსხვილესი ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამოდანირეო მეურნეობა უნდა განვითარდეს.
ამავე თემაზე: TI – დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. TI ასახელებს რამდენიმე გარემოებასაც, რომელიც, მისი ცნობით, "მიუთითებს, რომ ხიდაშელი რიგითი ბიზნესმენი არაა".